ინტერაქტიული მედიცინის ახალი ერა

ინტერაქტიული მედიცინის ახალი ერა

რამდენიმე კვირის წინ ლონგ-ბიჩზე გამართულ TED (Technology, Entertainment, Design – „ტექნოლოგია, გართობა, დიზაინი”) კონფერენციაზე „ღიმილის გამოუყენებელი ძალის” შესახებ მოხსენების შემდეგ „ტედსტერების” ჯგუფმა მომმართა შეკითხვით, თუ რას ვსაქმიანობდი ღიმილის კვლევის გარდა. ჩვენი საუბარი მოგვიანებით Forbes.com-ზე სტუმრის ბლოგის შექმნით დასრულდა. მე მაშინ მოკლედ ვუამბე ჩემი საქმიანობის, კერძოდ კი ჯანდაცვის კუთხით ინვესტიციების წარმართვისა და კონსულტაციების გაწევის შესახებ ისეთი კომპანიებისათვის, როგორიცაა Massive Health-ი და Doximity-ი, აგრეთვე Rock Health-ის პროგრამის (პირველი ინტერაქტიული მედიცინის ინკუბატორი) დაწყებისა და ჩემი ახალი კომპანიის Health Tap-ის თაობაზე.

თითოეული საკითხის განხილვას ცოცხალი დისკუსია მოჰყვა თემაზე, თუ რა სწრაფად გარდაიქმნება ჯანდაცვის სისტემა. მსჯელობის შემდეგ ყველანი შევთანხმდით, რომ უკვე მივაღწიეთ ზღვარს, რომლის გადალახვაც შესაძლებლობას მოგვცემს, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მოტივაციის სწორად შეჯერებით პოზიტიური ცვლილებები მოვახდინოთ.

გამაერთიანებელი მიმართულებების სწორად შერჩევა

ბოლო რამდენიმე თვეში მედიცინის სფეროში ახალი აპარატურისა და დანადგარების, აგრეთვე უზომოდ დიდი მოცულობის მონაცემების გამოყენებით ინტერნეტში ონლაინ-დიალოგებისა და ახალი შეხვედრების ორგანიზების მექანიზმის შექმნის უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა.

ყოველდღიურად ირთვება ასობით ათასი სმარტფონი და ნოუტბუქი, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების განვითარების საშუალებით უდიდეს შესაძლებლობებს სთავაზობს ინჟინრებს, დიზაინერებს, მეწარმეებსა და ინვესტორებს. „ღრუბლის” ხელმისაწვდომობა ინფორმაციის სწრაფად მოპოვებას, გადამუშავებასა და შენახვას უზრუნველყოფს. სოციალურ ქსელებში დისკუსია ჯანდაცვის შესახებ სულ უფრო აქტუალური და ყოვლისმომცველი ხდება. ინტერნეტისა და მობილურებისთვის ინტერაქტიული თამაშების შექმნამ წარმოუდგენელ დინამიკას მიაღწია. ამდენად, უკვე მომზადებულია საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი მედიცინის სფეროში სრულიად ახალი ათვლის წერტილისთვის – ეს არის ახალი ერა ჯანდაცვაში, რომელიც „ტედსტერებთან” საუბარში „ინტერაქტიულ მედიცინად” მოვიხსენიე.

ახალი სფეროს დაბადება: „ინტერაქტიული მედიცინა”

ინტერაქტიული მედიცინა მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. იგი ჩვენს ყოველდღიურ ყოფასა და მდგომარეობას ასახავს.

ინტერაქტიული მედიცინის პროექტის შექმნამდე მედიცინის ინოვაციებში ჩართული ახალი და ამბიციური კომპანიებისა და ინვესტორების უმეტესობა კონცენტრირებული იყო ბიოტექნოლოგიებზე, სამედიცინო აპარატურისა და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტებზე (და ეს ყველაფერი ინტერნეტქსელისა და მობილურების მიღმა რჩებოდა). დღეს ეს კომპანიები განვითარების ნელი ტემპებით გამოწვეულ მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან, მეტიც, მუდმივად გამოწვევების წინაშე დგანან. ინვესტორები სხვა სფეროებს ეძებენ კომპანიების გაკოტრებისგან გადასარჩენად.

ამავე დროს ვებტექნოლოგიების, მობილური აპარატებისა და სოციალური ქსელის განვითარება წარმოუდგენელ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამ სფეროში მომუშავე კომპანიებმა უმცირეს დროში კოლოსალური მოგება ნახეს. და მაინც, წარმატების მიუხედავად, მეწარმეები და ინვესტორები თავს იკავებენ ინტერაქტიულ ინდუსტრიაში მედიცინის ჩართვისგან (ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 2010 წლის ინტერნეტგამოკითხვის მონაცემებით, ინტერნეტმომხმარებელთა ნახევარზე მეტის აზრით, ქსელში განთავსებული სამედიცინო ინფორმაცია უსარგებლოა).

აუცილებელი საჭიროება

დღეისათვის უაღრესად დიდია მედიცინაში ინოვაციის საჭიროებაც და შესაძლებლობაც. ყოველწლიურად აშშ-ის ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწერილი თანხები თითქმის 3 ტრილიონ დოლარს უტოლდება. არაეფექტური მკურნალობა, არასწორად მიმართული თანხები და ცალკეული ადამიანებისა (ჯანმრთელების თუ ქრონიკულად დაავადებულების) და მედიცინის მუშაკების ერთმანეთთან შეუთანხმებელი მოქმედება მთლიანობაში ვალდებულებების უმძიმეს ტვირთს წარმოქმნის.

მაგრამ უკვე გაჩნდა იმედის ნაპერწკალი: ყველაზე შორსმჭვრეტელი ბიზნესმენები, ინვესტორები, ინჟინრები და ფიზიკოსები ბოლოს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უახლესი ტექნოლოგიების მედიცინაში იმპლემენტაციის შემთხვევაში, ამ სფეროს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ისინი უკვე ცდილობენ აითვისონ პერსონალიზაციის ტექნოლოგიები, სოციალურ ქსელის ინსტრუმენტები და მობილური ან ონლაინ-აპლიკაციები, რათა მომხმარებელმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ჩართვა შეძლოს.

დამაინტრიგებელი შესაძლებლობა

მესიჯი დამაინტრიგებელია: იფიქრეთ ონლაინ-კომპანიებზე, რომელთაც მოახერხეს პერსონალიზაცია, სოციალიზაცია და ინტერაქტიულობა – Amazon.com-ი, Facebook-ი, Zynga, Mint.com-ი და Netflix-ი – დაიწყეთ ოცნება, დასახეთ მასშტაბური გეგმები – ამჯერად, მედიცინაში.

ინოვაციური, მუდმივად ჩართული აპარატურა და აპლიკაციები ავტომატურ რეჟიმში შეაგროვებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. საავადმყოფოების სწრაფი ელექტროსამედიცინო ჩამწერით (EMR) აღჭურვა (აშშ-ის მთავრობის მიერ სტიმულირებული პროგრამა) ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის ინფორმაციის შეგროვებისა და ინტეგრაციის მხრივ. ამასთანავე, ისეთი სწრაფად განვითარებადი მიმართულება, როგორიცაა Quantified Self-ი (საკუთარი თავის გამოკვლევა) და Living by Numbers-ი (ციფრებით ცხოვრება) ნათლად ადასტურებს პირადი ინფორმაციის ანალიზის, ცოდნის ინტეგრირებისა და მოტივაციის პოტენციურ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ახალი ტექნოლოგია (პლატფორმა, რომელიც არსებულ სისტემას აკლია) გააადვილებს ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გაანალიზების პროცესს რეალურ დროში. მოწყობილობას ექნება ინტერფეისი და კავშირი სათანადო ქსელებთან. იგი უზრუნველყოფს ადამიანის უშუალოდ ჩართვას საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში.

დროა!
ეს არ არის შორეული მომავლის გეგმა. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, სოციალური მიმართულებები, ნიჭი, უნარი, მოტივაცია და, რაც მთავარია, გამოცდილება. საჭიროა ყველა ამ ელემენტის თავმოყრა და ინტერაქტიული მედიცინის იდეის რეალობად ქცევა.

ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ინტერაქტიული მედიცინის იდეის რეალობად ქცევის პროცესში და იდეის დროულობაში არაერთხელ დავრწმუნდი. ასობით დაინტერესებული, მოაზროვნე ადამიანი შეიკრიბა და მედიცინაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. მედიკოსებმა ინტერაქტიული მედიცინის კონფერენცია მოაწყვეს: პირველად ეს წელს, ზამთარში განხორციელდა, შემდეგ მარტში, მესამედ კი უკვე აპრილში, პალო-ალტოში. შეხვედრებმა დაადასტურა, რომ იდეა არა მარტო მომწიფდა, არამედ უკვე რელსებზეც დგას და ელოდება ინოვატორების გამოჩენას, რომლებიც ლოკომოტივს გაუძღვებიან.
შორსმჭვრეტელი ფიზიკოსები ცდილობენ ახალი ვებ- და მობილური ტექნოლოგიებით საკუთარი სიტყვა თქვან ინტერნეტმედიცინის განვითარებაში; ნიჭიერი ინჟინრები შემართებით ეჭიდებიან უდიდეს გამოწვევებს ახალ სფეროში; პროექტზე მომუშავე ჯგუფები მოუთმენლად ელიან, როდის მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და უნარი უკვე ინტერნეტის საშუალებით მოახმარონ ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრას, და, რაც მთავარია, თავად მომხმარებელი ელოდება ამ ინდუსტრიის რეალურ ტრანსფორმაციას, რაც მათ ჯანმრთელობასა და უკეთეს ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ინტერაქტიული მედიცინის პირველი ნაბიჯები რეცეპტი არ არის რთული – იგი, უბრალოდ, თანამშრომლობას, ნიჭს, გაანალიზებისა და შესრულების უნარს მოითხოვს. Web 3.0-ში გაერთიანებული კომპანიები და აშშ-ის მთავრობის ინიციატივით შექმნილი მონაცემთა ღია ბაზა უკვე კონცენტრირებულია მონაცემთა გაანალიზებასა და პერსონალიზებაზე. როგორც LinkedIn-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და Greylock Partner’s-ის მფლობელი რეიდ ჰოფმანი აღნიშნავს: „მომავალში ვებმონაცემები მთავარ პლატფორმად იქცევა. იქიდან წამოვა მთავარი ინოვაციები, რომლებიც აბსოლუტურად შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას”.

წარმოიდგინეთ ინტერაქტიული მედიცინის ახალი ერა მას შემდეგ, რაც პროექტში ჩაერთვება 100 ათასი უნიჭიერესი ინჟინერი, დიზაინერი, მწარმოებელი, ექიმი და ინვესტორი. წარმოიდგინეთ ამ ადამიანების ერთობლივი მუშაობით შექმნილი მდგრადი აპლიკაციები და ტექნოლოგიები, რომელთაც ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს, რადგან ისინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. წარმოიდგინეთ სამყარო,სადაც:

• სამკურნალო აპლიკაციები მობილურებსა და ინტერნეტქსელში სწრაფია, მარტივი და ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომი;
• პერსონალიზაცია პრიორიტეტულია და თქვენთვის განკუთვნილ ინფორმაციას ექსკლუზიურად იღებთ;
• 24/7 მარტივად უკავშირდებით ნდობით აღჭურვილ ექიმებს – როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ-რეჟიმში;
• ინტერაქტიული ტექნოლოგიების წყალობით წვდომა შეუზღუდავია. სათანადო პროგრამები დაგეხმარებათ შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალთან და მის დამხმარე ჯგუფთან კავშირის დამყარებაში, რათა კვალიფიცირებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღოთ.

ინტერაქტიული მედიცინა არ არის სამედიცინო სფეროში ხარვეზების აღმოფხვრისადმი მიძღვნილი სისტემა; ეს გახლავთ სისტემა, რომელიც ესწრაფვის მკურნალობის პროცესში ექიმების და პაციენტების მეტ ჩართულობას. ამასთან, იგი განაპირობებს მკურნალობის პროცესის ეფექტურობას. ინტერაქტიული მედიცინა ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის მედიცინის სფეროში დაგროვილ ცოდნას, რათა ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენოთ და დიდხანს ვიცოცხლოთ ჯანმრთელად და ბედნიერად.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ, ინტერაქტიული მედიცინის ერაში!

 

 

რონ გუტმანი HealthTap-ისდამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და TEDxSilicon Valley-ის კურატორია.