ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ეკონომიკური შედეგები

ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ეკონომიკური შედეგები

ღაზის სექტორში შეტაკებები არ წყდება. ისრაელის სახმელეთო არმია ქალაქში შევიდა და ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს.

ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარეებს დაპირისპირების შეჩერებისკენ მოუწოდებს, რათა პალესტინელებმა ანკლავის დატოვება მოახერხონ. ამ მიზნით შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

7 ოქტომბერს, თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ, ღაზაზე შეტევებს, სულ მცირე, 9,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმებს კი 1,400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ისრაელის მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურებაა და დიდია შანსი, რომ ომი ხანგრძლივი გამოდგეს. შესაბამისად, ჰუმანიტარული კრიზისის სიმძიმესთან ერთად, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რამდენადაა მზად ისრაელის ეკონომიკა შესაძლო გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის.

მთავარი გამოწვევები

ქვეყნის ეკონომიკისთვის უპირველესი გამოწვევა ახლა დასაქმებაა. თავდაცვის ძალებმა (IDF) უკვე მოუხმო 360,000-მდე რეზერვისტს (სამუშაო ძალის დაახლოებით 8%) ხოლო 250,000 ადამიანს ევაკუაცია მოუწია. შესაბამისად, მუშახელი მოაკლდა სკოლებს, საავადმყოფოებსა თუ ქარხნებს. ქვეყნის სტარტაპების გაერთიანების თანახმად, ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებულების 10% არმიაშია გაწვეული.

პრობლემაა ისიც, რომ სამუშაოს დიდ ნაწილს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები ასრულებენ და მათგან 200,000-მდე ისრაელელთა ან საკუთარ დასახლებებში მუშაობს, მაგრამ არეულობის გამო მათ საზღვრის გადაკვეთის ნებას არ რთავენ, რადგან ეს საპროტესტო გამოსვლებისა და ჯანყის რისკს ზრდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, მეორე ინტიფადის დროს, რომელიც 2000-2005 წლებში გრძელდებოდა, პალესტინელი მუშები ისრაელის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებლები იყვნენ.

მსოფლიო ბანკის (WB) მონაცემებით, ისრაელში უმუშევრობის დონე 3.2%-ია, რაც რეზერვისტების ჩანაცვლების შეზღუდულ შესაძლებლობაზეც მიუთითებს.

მეორე გამოწვევა მომხმარებელთა ქცევაში ცვლილებებია. განმეორებითი თავდასხმების შიშით, მოსახლეობა სახლებში დარჩენას ამჯობინებს, ეს კი დაცარიელებულ რესტორნებსა და მაღაზიებს ნიშნავს. ფრენები გაუქმდა. ტურიზმი, ისრაელისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო, გაჩერდა. ღაზის სექტორსა და ლიბანთან ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის აყრა კი ეკონომიკურ აქტივობას ზღუდავს.

ამას მივყავართ მესამე გამოწვევამდე – კონფლიქტის ფისკალური ხარჯების მართვამდე. ბიზნესების დახმარებას, რეზერვისტების ანაზღაურებასა და მოსახლეობის სასტუმროებში განთავსებას დამატებითი სახსრები სჭირდება. საჭირო იქნება თავდაცვითი ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდაც სახმელეთო ოპერაციის დასაფინანსებლად და იარაღით უზრუნველსაყოფად.

ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაამტკიცა 1-მილიარდიანი დახმარების პაკეტი ომის შედეგად დაზარალებული ბიზნესებისთვის. მართალია, ეროვნული ბანკი 170 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის ფინანსურ რეზერვებს ფლობს და ჯო ბაიდენი ისრაელის დასახმარებლად 14 მილიარდი დოლარის გამოყოფასაც აპირებს, თუმცა კონფლიქტის გაჭიანურება მეტ ზარალსა და რისკს მოიტანს.

გარდა ამისა, ომს პირდაპირი გავლენა აქვს ფინანსურ სექტორზე. 8-26 ოქტომბრის პერიოდში თელ-ავივის საფონდო ბირჟის ინდექსი 8%-ით დაეცა, დღევანდელი მდგომარეობით კი კლება 4%-ს შეადგენს.

უფასურდება ახალი შეკელიც და ამერიკულ დოლართან მიმართებით მისმა კურსმა 4-საც კი გადააჭარბა, რაც დაახლოებით 11-წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ახალი შეკელის კურსი დოლართან 2022 წლის დასაწყისიდან უფასურდება, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი ცეცხლზე ნავთი დაასხა. მდგომარეობის გამოსასწორებლად ეროვნულმა ბანკმა 30 მილიარდი დოლარი უკვე გაყიდა.

ამჟამად 1 დოლარი 3.99 ახალი შეკელი ღირს, რაც 7 ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით 3.5%-იანი გაუფასურებაა, წლის დასაწყისთან შედარებით კი თითქმის 30%-იანი.

Fitch Ratings-ის, Moody’s Investors Service-ისა და S&P-ის თანახმად, კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის საკრედიტო რეიტინგის შემცირებასაც გამოიწვევს. ამავდროულად, ისრაელის ცენტრალურმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-დან 2.3%-მდე დასწია.

უნდა ითქვას ისიც, რომ მკვდარი ზღვის რეგიონი მდიდარია მინერალებით. აშდოდის პორტი კი, რომელიც დაახლოებით 32 კილომეტრშია ღაზის სექტორიდან, პოტაშის საექსპორტო ჰაბს წარმოადგენს. პირველი თავდასხმის შემდეგ სასუქების საფონდო ინდექსები, Mosaic-ი და CF Industries-ი, ორივე 7%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ სტაბილიზაციის ნიშნებია.

კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ამბიციას, გაზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტიც. ერთ ათწლეულში ქვეყანა გაზის მნიშვნელოვანი მწარმოებელი და რეგიონული ექსპორტიორი გახდა. მაგალითად, გასულ წელს, „ლევიათანისა“ და „თამარის“ საბადოებიდან მოპოვებული გაზის მოცულობამ 22 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამასთან, ისრაელმა 12 ახალი ლიცენზია გასცა იტალიურ Eni-ისა და ბრიტანულ BP-ისთვის სამძებრო სამუშაოების განსახორციელებლად.

ახლა „თამარის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მოპოვება შეჩერებულია, რამაც ეგვიპტეში ექსპორტი შეაფერხა. ეს უფრო მრავალმოსახლიანი მეზობლისთვის სერიოზული პრობლემაა, რამეთუ ადგილობრივი მოპოვებაც შემცირებულია და ხშირია მოსახლეობისთვის მიწოდების პრობლემები.

2026 წლამდე ისრაელს გაზის მოპოვების 15 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის პოტენციალი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით, რესურსები დიდი არაა, ქვეყანას მაინც აქვს რეგიონული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. კონფლიქტის გამო ინვესტიციების კლებამ კი შესაძლოა, შესაძლებლობების ხელიდან გაშვება და შემოსავლების კლება გამოიწვიოს.

ომამდელი ეკონომიკა

ბოლო ორ ათწლეულში ისრაელის ეკონომიკის ზრდა დიდწილად ტექნოლოგიის ექსპორტმა და ბუნებრივი გაზის საბადოების აღმოჩენამ განაპირობა. შესაბამისად, ერთ ადამიანზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა 55,000 დოლარს მიაღწია, რაც დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთსა და გერმანიაზე მაღალიც კია.

თუმცა ქვეყნის ეკონომიკური ძრავა ომამდეც შეფერხებით მუშაობდა, რაც მთავრობის მიმართ განწყობებმა, მზარდმა ინფლაციამ და მსოფლიოში ტექნოლოგიური ინვესტიციების კლებამ განაპირობა.

ამ ყველაფერს ემატება სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი, რომელიც მოსამართლეების ძალაუფლების შემცირებას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტი და გამოსვლები მოჰყვა, რამაც ქვეყანაში ახალი ინვესტორები დააფრთხო.

2021 წელს ისრაელში სტარტაპებმა 27 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, თუმცა მომდევნო წელს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი კიდევ უფრო მეტად, 68%-ით დაიკლო.

1973 წლის იომ-ქიფურის ომის დროს 200,000-მდე რეზერვისტის არმიაში გამოძახებამ და იარაღების ხარჯებმა ისრაელი ფინანსური კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. ეროვნული ბანკის გამოთვლებით, 2002-ში ინტიფადის ერთი წელი ქვეყანას მშპ-ის 3.8% დაუჯდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს.

საერთაშორისო ეფექტი

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 1970-იანი წლების სანავთობო კრიზისის დროს იყო, უკრაინის ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა შესაძლოა, სასაქონლო ბაზრებზე მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს.

საბაზისო სცენარით, ნავთობის ფასები ბოლო კვარტალში 90 დოლარის ფარგლებში იქნება ბარელზე, მომავალი წლის საშუალო მაჩვენებელი კი 81 დოლარს შეადგენს. საქონლის ფასების შემცირება 4.1%-ითაა მოსალოდნელი, მეტალებისა კი – 5%-ით.

WB-ის თანახმად, ჯერჯერობით ბაზრებზე კონფლიქტის გავლენა მინიმალურია. ნავთობის ფასებმა 6%-ით მოიმატა, თუმცა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შემცირდება თუ არა და რამდენით შემცირდება ნავთობის მიწოდება. მსოფლიო ბანკი სამ სცენარს ხედავს: მიწოდების მცირედით, დღეში 500,000-დან 2 მილიონ ბარელამდე შემცირება ფასებს 93-102 დოლარამდე, საშუალოდ, 3-5 მილიონი ბარელით შემცირება კი 109-121 დოლარამდე გაზრდის. მესამე სცენარი, რომელიც ყველაზე რადიკალურია, მიწოდების 6-8 მილიონით შემცირებასა და ფასების 140-157 დოლარამდე ზრდას მოიაზრებს.

ნავთობის გაძვირება, თავის მხრივ, საქონლის ფასებსაც აძვირებს, მაგრამ მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბაზრებზე კონფლიქტის მცირე გავლენა ცხადყოფს ქვეყნების მდგრადობას ფასებთან დაკავშირებულ შოკებთან მიმართებით. 70-იანი წლების შემდეგ შემცირდა მათი ნავთობზე დამოკიდებულება, გაჩნდა ალტერნატიული მიმწოდებლები და რეზერვები, რაც ამგვარ კრიზისებთან უკეთ გამკლავების საშუალებას იძლევა.