იტალია მზადაა, რუსული გაზის საფასურის გადახდაზე უარი თქვას

იტალია მზადაა, რუსული გაზის საფასურის გადახდაზე უარი თქვას

იტალიის ხელისუფლება მზად არის, რუსული გაზის საფასურის გადახდაზე უარი თქვას, თუკი ევროკავშირი ოფიციალურად გადაწყვეტს, რომ გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდა სანქციების დარღვევის ტოლფასი იქნება, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ხელისუფლების ეს შესაძლო გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 31 მარტით დათარიღებულ დეკრეტს უკავშირდება, რომლითაც რუსეთმა „არამეგობრულ“ ქვეყნებს მოუწოდა, გაზის საფასურის გადასახდელად ორი საბანკო ანგარიში გახსნან – ერთი საკუთარ ვალუტაში, ხოლო მეორე – რუბლში, რათა Gazprom-ისთვის თანხის ჩარიცხვამდე, ის უცხოური ვალუტიდან რუბლში დაკონვერტირდეს.

თუმცა, პუტინი აქ არ გაჩერებულა და დასძინა, რომ თუკი ევროკავშირის ქვეყნები ამ დეკრეტს არ დაემორჩილებიან, რუსეთი მათ გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირისთვის ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან დღეს, გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების მიერ შესყიდული გაზის 40% სწორედ რუსეთზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინის დეკრეტის გამოცხადების შემდეგ, მის მოთხოვნებს ევროკავშირის იურისტები იკვლევენ – მათ სურთ დაადგინონ, ჩაითვლება თუ არა სანქციების დარღვევად გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდა. ევროპული კომისიის პირველადი ანგარიშის მიხედვით, ამგვარი სისტემით თანხის გადახდა სანქციების დარღვევა იქნება – ამ აზრს ევროპული საბჭოს იურისტებიც იზიარებენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ცოტა ხნის წინ ისიც განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას დაგეგმილზე უფრო ადრეც შეძლებს. თავად იტალია ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურია: ახლახან ქვეყანამ გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით ხელშეკრულება ალჟირთან გააფორმა, ხოლო მიმდინარე კვირას, მსგავს შეთანხმებას კონგოსთან და ანგოლასთანაც გააფორმებს, რომელთაგანაც ყოველწლიურად ჯამში 6.5 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზს შეისყიდის. ზემოხსენებული გზებით იტალიაში შემავალი რუსული გაზის ნახევარზე მეტის ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *