იტალიაში Amazon-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

იტალიაში Amazon-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

იტალიაში Amazon-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. საწყობებისა და მიტანის სერვისის თანამშრომლები არსებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

24-საათიანი გაფიცვა Amazon-ის რამდენიმე საწყობში, მათ შორის ფლორენციაში, პიზასა და ტოსკანაში გამოცხადდა. როგორც პროფესიულ გაერთიანებებში ამბობენ, ეს პირველი საყოველთაო გაფიცვაა იტალიაში, რაც Amazon-ის ოპერირებას მთელ ქვეყანაში აფერხებს. მსგავსი პროტესტი Amazon-ის თანამშრომლებმა გასულ წელსაც გამოთქვეს, მაშინ ისინი კორონავირუსის გამო უსაფრთხოების არასაკმარის ზომებს აპროტესტებდნენ, თუმცა გასულ წელს Amazon-ის თანამშრომლები მხოლოდ იტალიაში არ გაფიცულან, მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ რიტეილერ-კომპანიაში დასაქმებულებმა პროტესტი აშშ-ისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც გამოთქვეს.

ამჟამად იტალიაში გაფიცულების მოთხოვნას კონტრაქტების გაუმჯობესება, მძღოლებისთვის სამუშაო საათების შემცირება, დროებით დასაქმებულებისთვის უფრო მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა და ზოგადად უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

პროფესიული გაერთიანება FIT-CISL-ის გენერალური მდივნის სალვატორ პელექიას ინფორმაციით, ორშაბათს გამოცხადებულ გაფიცვაში იტალიაში, Amazon-ის თანამშრომელთა 75%-მა მიიღო მონაწილეობა. თავად კომპანიაში კი ამბობენ, რომ გაფიცვაში თანამშრომლების მხოლოდ 10% ჩაერთო.

„თუ Amazon-ი არ შეიცვლის თავის პოზიციას, ჩვენ იძულებული გავხდებით, კიდევ ერთი გაფიცვა მოვაწყოთ. კომპანიას უზარმაზარი ბრუნვა ჰქონდა და ეს სარგებელი პანდემიის გამო დაფიქსირდა. ახლა მათ ჩვენთან უნდა განიხილონ ის, თუ რას ელოდებიან თანამშრომლები მათგან“, – განაცხადა პელექიამ.

ცნობისთვის, 2020 წლის ბოლო კვარტალში Amazon-ის გაყიდვებმა საერთო ჯამში $125.56 მილიარდს მიაღწია, მაშინ როდესაც 2019 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვების მოცულობა $87.44 მილიარდი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *