Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $600 მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 23.5%-იანი ზრდაა. რაც შეეხება წლის გასულ პერიოდს, იანვარ-ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 9%-ზე მეტით გაიზარდა და $2.5 მილიარდს გაუტოლდა.
შედარებისთვის, კორონავირუსის პანდემიამდე, 2019 წლის პირველ 7 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $1.9 მილიარდი შეადგინა. 2020 წელს, პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გავლენით, სექტორი გაჩერდა. 2021 წელს, შეზღუდვების გარკვეულწილად შემსუბუქების პარალელურად, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $0.5 მილიარდს მიაღწია. 2022 წელს მაჩვენებელი $1.6 მილიარდს გაუტოლდა, მომდევნო წლებში კი პანდემიამდელ მონაცემებს გადააჭარბა.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს და მთლიანობაში $4.3 მილიარდს მიაღწევს. ცნობისთვის, 2023 წელს შემოსავლებმა 4.1 მილიარდი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. შესაბამისად, G&T-ის ვარაუდი თუ გამართლდა, აღნიშნული კუთხით წელს ახალი რეკორდი დამყარდება.