Johnson & Johnson-მა, $16.6 მილიარდად, გულის ტუმბოს მწარმოებელი კომპანია Abiomed-ის შესყიდვა დააანონსა. ეს იქნება ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება J&J-სთვის, რომელიც უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში განუხორციელებია.
საინტერესოა, რომ J&J-მ ახალი გარიგება სწორედ მაშინ გააფორმა, როდესაც პარალელურად მომხმარებელთა ჯანდაცვის ბიზნესს ჩამოშორდა და გადაწყვიტა, ფოკუსირება თავის ფარმაცევტულ და სამედიცინო მოწყობილობების ბიზნესის განვითარებაზე გადაეტანა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ხოაკინ დუატომ იანვარში, თანამდებობის დაკავებისას განაცხადა, მისი პრიორიტეტი სწორედ სამედიცინო მოწყობილობების მიმართულებით გაფართოება იქნებოდა, რაც შემოსავლების მიხედვით კომპანიის სიდიდით მეორე ბიზნესია.
J&J-ის შეთავაზება, Abiomed-ს თითო აქციაზე $380 გადაუხადოს, ბოლოს, ბირჟის დახურვის შემდგომ, კომპანიის აქციის განსაზღვრულ ფასზე 50.7%-ით მეტია. ცნობისთვის, Abiomed-ი მუშაობს სამედიცინო ტექნოლოგიის განვითარებაზე, რომელიც სისხლისა და ჟანგბადის მიმოქცევას უწყობს ხელს. 2022 ფისკალური წლის განმავლობაში, კომპანიამ $1.03 მილიარდი გამოიმუშავა. J&J-ის განმარტებით, Abiomed-ი კონგლომერატის სამედიცინო ტექნოლოგიების განყოფილებაში როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი, ისე იმუშავებს.
1981 წელს დაარსებული კომპანია Abiomed-ის Impella-ს გულის ტუმბოები ზომით ყველაზე პატარაა მსოფლიოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წლიდან გამოიყენება. გლობალურად, Impella-ს გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 ფისკალურ წელს $985 მილიონი შეადგინა.