ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კოვიდ შემთხვევების ზრდის მთავარი მიზეზი ვირუსისა და ვაქცინების ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაციაა, რის გამოც სულ უფრო მეტი ადამიანი იკავებს თავს ვაქცინაციისაგან.
კოვიდის საკითხებთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ვაქცინებთან დაკავშირებით არსებული დეზინფორმაციის რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„ვირუსის სხვა მახასიათებლებთან ერთად, მისი მთავარი მაცოცხლებელი ძალა დეზინფორმაცია გახდა“ – განაცხადა მარია ვან კერხოვემ.
ჯანდაცვის ექსპერტებს სჯერათ, რომ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ფაიზერის ვაქცინის სრული ავტორიზება ხელს შეუწყობს საკითხის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციის გაწმენდას და დააჩქარებს ვაქცინაციის ტემპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მაგალითისათვის, Kaiser Family Foundation-ის კვლევის თანახმად, ყოველი 10 ამერიკელიდან 3 აცხადებდა, რომ ვაქცინას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიკეთებდა, თუ მას FDA დაამტკიცებდა. თუმცა, მედიცინის ექსპერტების აზრით, ეს ადამიანები ვაქცინაციისაგან თავის შესაკავებლად მიზეზს ეძებდნენ, რაც მომავალშიც მსგავსად გაგრძელდება.
Kaiser-ის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, იმ ამერიკელთა უმეტესობა, რომელსაც ვაქცინის გაკეთება არ სურს, თვლის, რომ მათი ორგანიზმისათვის ვაქცინა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე თავად კოვიდ-19.
გარდა ვაქცინებისა, დეზინფორმაცია აქტიურად ვრცელდება კოვიდ-19-ის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესახებაც.