უკვე ოფიციალურად, კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ჯასტინ ტრუდომ ქვეყნის პრემიერის პოსტი ფორმალურადაც დატოვა.
„გმადლობ, კანადა – ნდობისთვის, გამოწვევისთვის და, რომ მომეცი პრივილეგია, სამსახური გამეწია საუკეთესო ქვეყნისა და ხალხისთვის დედამიწაზე,“ – დაწერა X-ზე კანადის ახლა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.
შეგახსენებთ, ტრუდომ, რომელიც პრემიერის პოსტს 2015 წლიდან მოყოლებული იკავებდა, თანამდებობის დატოვების შესახებ იანვარში განაცხადა და ნაადრევი კენჭისყრის დანიშვნა მოითხოვა. მან გადადგომის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში რეიტინგის გაუარესების მიზეზით მიიღო.
რაც შეეხება კანადის ახალ პრემიერს, ის 59 წლის მარკ კარნია. მან 1988 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, მაგისტრის კი ოქსფორდში დაიცვა. კარნი ლონდონში, Goldman Sachs-ისთვის დაახლოებით 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, შემდგომ, კანადის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილის პოზიცია დაიკავა, 2004 წელს კი კანადის ფინანსთა მინისტრის უფროს მოადგილედ დაინიშნა. 2008 წლის თებერვალში, კარნიმ კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
მარკ კარნი ქვეყანას სათავეში ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო მომენტში ჩაუდგა. კანადა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების ომშია ჩართული, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააჩაღა. გარდა ამისა, ტრამპი ქვეყნის აშშ-ისთვის შეერთების სურვილსაც არ მალავს და მას შტატის სტატუსს სთავაზობს.