უმსხვილესი ონლაინმაღაზია Amazon-ისა და კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ორგანიზაციებს, რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებიან, 96.2 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელი მილიარდერის საქველმოქმედო ფონდმა, Bezos Day One Fund-მა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, ზემოხსენებულ თანხას 750 ათასიდან 5 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის გრანტის სახით აშშ-ის 21 შტატში მოქმედი 32 ორგანიზაცია მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი ჯეფ ბეზოსმა 2018 წელს, მაკენზი სკოტთან ერთად დააარსა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ მისი ცოლი იყო. Bezos Day One Fund-ი უსახლკარო ოჯახებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას გამოყოფს. საერთო ჯამში ფონდმა ქველმოქმედებისთვის უკვე 398 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბეზოსმა კიდევ ერთი ფონდისთვის, Bezos Earth Fund-ისთვის, რომლის მიზანიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაა, 10 წლის განმავლობაში 10 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვების პირობა დადო. ამას გარდა, მან სმითსონის ინსტიტუტის საჰაერო და კოსმოსური ეროვნული მუზეუმისთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გადაცემა დააანონსა. Forbes-ის ცნობით, ბიზნესმენს მსგავსი არაერთი დაპირება აქვს გაცემული.
აღსანიშნავია, რომ 1997 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც Amazon-მა აქციები საჯაროდ პირველად განათავსა, ჯეფ ბეზოსმა საერთო ჯამში დაახლოებით 27 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა. ბიზნესმენმა აქედან ქველმოქმედების მიზნით კომპანიის 650 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გასცა.
Forbes-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით ჯეფ ბეზოსი კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკთან ერთად იმ 165 მილიარდერის რიგებში მოხვდა, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებას თავისი ქონების 1%-ზე ნაკლები შესწირეს. დაანგარიშების დროს სპეციალისტებს არ გაუთვალისწინებიათ კერძო ფონდები, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხები, რომელთაგან გარკვეულ ფინანსურ სარგებელს თვითონ შემომწირველებიც იღებენ.
ცნობისთვის, ჯეფ ბეზოსი Forbes-ის მილიარდერთა სიაში მეორე ადგილს იკავებს. ამ დროისთვის მისი ქონება 204.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელს ჩამონათვალში ილონ მასკი უსწრებს, რომელიც, ბოლო მონაცემებით, 286 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია.