Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალექს გორსკის თქმით, ადამიანებს, სავარაუდოდ, ყოველწლიურად დასჭირდებათ კოვიდვაქცინაცია, სულ მცირე, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ეს სეზონური გრიპის შემთხვევაშია.
ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Johnson & Johnson-მაც შექმნა და გასულ კვირას აშშ-ის ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოს ავტორიზაციის განაცხადით მიმართა. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი მომდევნო კვირებში ევროპულ მარეგულირებელსაც მიმართავენ.
Johnson & Johnson-ის ვაქცინამ გლობალური კვლევების შედეგად 66%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. როგორც მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი აცხადებს, კომპანია დარწმუნებულია, რომ ივნისის ბოლომდე აშშ-ისთვის 100 მლნ დოზა ვაქცინის მიწოდებას შეძლებენ.
პარალელურად, Johnson & Johnson-ი აგრძელებს მუშაობას ორდოზიანი ვაქცინის შექმნაზე. მათივე განცხადებით, ორდოზიანი ვაქცინის კლინიკური შემოწმების შედეგები მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.