დასავლეთის მიერ დაწესებული ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების ფონზე, მოსკოვის საფონდო ბირჟა მესამე დღეა, რაც არ გახსნილა, რუსული რუბლის ღირებულება უცხოურ ვალუტებთან მიმართებით კატასტროფულად ეცემა, ხოლო დასავლური კომპანიები რუსეთის ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. ამგვარი ქაოსის ფონზე, სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთმა სახელმწიფო დეფოლტი გამოაცხადოს, – ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები წერენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის სახელმწიფო სუბიექტების მიმართ დაწესებული სანქციები, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო გადახდების შესაზღუდად მიღებული საწინააღმდეგო ზომები და საგადასახადო ჯაჭვში არსებული შეფერხებები ბონდებით გათვალისწინებული გადასახადების დაფარვაში რუსეთს დიდ წინააღმდეგობას უქმნის“, – აღნიშნულია JPMorgan-ის მიერ კლიენტებისათვის გაგზავნილ წერილში. „სანქციების გამო საგრძნობლად გაიზარდა მყარ ვალუტაში გამოშვებული სახელმწიფო ბონდებისადმი რუსეთის მთავრობის დეფოლტის ალბათობა“.
სახელმწიფო დეფოლტი, მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება გამოცხადდეს მაშინ, როცა სახელმწიფო, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მის მიერ აღებულ საგარეო ვალის მომსახურებას ვეღარ ახერხებს.
აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალის მომსახურებით გათვალისწინებული შემდეგი გადახდა, რომელიც ჯამში $700 მილიონს აღემატება, რუსეთის ფედერაციას ამა წლის მარტში უწევს, თუმცა 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით, შესაძლო დეფოლტის ფორმალურ თარიღად 15 აპრილი განისაზღვრება.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ საერთაშორისო ბაზრებზე მყარ ვალუტაში აღებული საგარეო ვალის მოცულობა $40 მილიარდზე ნაკლებს შეადგენს, რაც რუსეთის ეკონომიკის გათვალისწინებით, არც თუ ისე დიდი თანხაა. თუმცა, საქმე ისაა, რომ შემდეგი ტრანშის გადაუხდელობა, რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე მოვლენათა ჯაჭვს წარმოშობს.
აღსანიშნავია, რომ თუკი რუსეთის ფედერაცია დეფოლტს მართლაც გამოაცხადებს, ის ლოგისტიკური დეფოლტი უფრო იქნება, ვიდრე უსახსრობით გამოწვეული, – ამის შესახებ Bleakley Advisory Group-ის ინვესტიციების ოფიცერი, პიტერ ბუკვარი წერს. საქმე ისაა, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს $643 მილიარდის მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები აქვს, რომლებიც, თეორიულად, საგარეო ვალის გასასტუმრებლად სავსებით საკმარისია.
თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ამ სავალუტო რეზერვებსაც შეეხო – დასავლეთის ქვეყნებმა ისინი „გაყინეს“. ამას ემატება რუსული კომერციული ბანკების SWIFT-იდან გამოთიშვა, რაც რუსეთს საერთაშორისო ვალუტაზე წვდომას საგრძნობლად უზღუდავს. Capital Economics-ის დათვლებით, სანქციები რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ნახევარს შეეხება. ამასთანავე, არაპირდაპირი სანქციები შეეხება ამ რეზერვების მეორე ნახევარს, რომელიც ოქროში ინახება, რადგან მისი გაყიდვა რუსეთს ძალიან გაუჭირდება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრესაში ვრცელდება მოსაზრება, თითქოს დეფოლტის გამოცხადება პუტინისთვის ხელსაყრელია, რადგან ამ გზით ის დასავლეთის ქვეყნებს დასჯის: „შესაძლოა, რუსეთმა დეფოლტის გზით დასავლურ სანქციებზე შური იძიოს და უცხოელ კრედიტორებს ზიანი მიაყენოს. მოულოდნელი არც ის იქნება, თუ რუსეთის ხელისუფლება საგარეო ვალის გადახდას საერთოდ აკრძალავს“, – განმარტავს Capital Economics-ი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ სახელმწიფო დეფოლტი რუსეთმა 1998 წელსაც გამოაცხადა – მაშინ, რუსეთში ფინანსური კრიზისი დაიწყო.