აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საარჩევნო კანდიდატურის მოხსნის შემდეგ დემოკრატების პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია. ჰარისის საარჩევნო კამპანიისთვის, ორგანიზატორების ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში დონაციის სახით 200 მილიონი აშშ დოლარი გაიღეს. აქედან, 66%-ს ახალი დონორები წარმოადგენენ.
გასული კვირის გამოკითხვები, მათ შორის Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა, აჩვენებს, რომ ჰარისი და ტრამპი არსებითად თანაბარ მხარდაჭერას ფლობენ. Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, მათ შორის განსხვავება 2% იყო, ვიცე-პრეზიდენტის სასარგებლოდ. არჩევნებამდე დაახლოებით 100 დღეა დარჩენილი და ხმების მსგავსი თანაფარდობა მიანიშნებს, რომ კანდიდატები კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელებმა ივლისის დასაწყისში განაცხადეს, რომ მეორე კვარტალში 331 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დონაციები მიიღეს. ამავე პერიოდში ბაიდენის მიერ მიღებულმა დონაციებმა 264 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისმა დემოკრატების ეროვნული კონვენციის კანდიდატობისათვის საჭირო რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა უკვე მოიპოვა. როგორც ირკვევა, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს 7 აგვისტოს ოფიციალურად წარადგენს.