Nvidia Anthropic-ის IPO-ში ინვესტირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

Nvidia Anthropic-ის IPO-ში ინვესტირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ფოტო: Getty Images

 

Reuters-ის ინფორმაციით, Anthropic-ი Nvidia-სთან ისტორიაში შესაძლო ყველაზე მასშტაბურ IPO-ში მთავარ ინვესტორად შესვლის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროების ცნობით, Anthropic-ი $100 მილიარდამდე მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, რამაც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთი მოწინავე სტარტაპის ღირებულება დაახლოებით $2 ტრილიონამდე გაზარდოს. გავრცელებული ინფორმაციით, Nvidia IPO-ში $10 მილიარდამდე მოცულობის ინვესტიციის ჩადების შესაძლებლობას განიხილავს.

Nvidia-ს IPO-ში პოტენციური მონაწილეობა Anthropic-ს სტრატეგიულ მხარდამჭერს ამ მასშტაბური ნაბიჯის ადრეულ ეტაპზევე შესძენს და კიდევ უფრო გააღრმავებს კავშირს ჩიპების მწარმოებელსა და მის ერთ-ერთ მსხვილ მომხმარებელს შორის.

Nvidia-ს მსგავსი დიდი ფინანსური რესურსების მქონე მთავარი ინვესტორის ჩართვამ შესაძლოა IPO-ს მიმართ ინვესტორთა ნდობა გაზარდოს.

მთავარი ინვესტორები, როგორც წესი, ინსტიტუციური ინვესტორები არიან, რომლებიც IPO-ს ფართო ბაზარზე გატანამდე იღებენ ვალდებულებას, შეიძინონ აქციების გარკვეული წილი, რითაც კომპანიას ადრეულ ეტაპზევე უცხადებენ ნდობას. Anthropic-ის მსგავსი „მეგა-IPO-ების“ შემთხვევაში ინსტიტუციურ ინვესტორებთან წინასწარი შეთანხმებების გაფორმება სულ უფრო ხშირია, რაც მოსაზიდი კაპიტალის დიდი მოცულობითაა განპირობებული. მაგალითად, კომპანია Arm-ის მთავარ ინვესტორებს შორის Nvidia და Amazon-ი იყვნენ, ხოლო საუდის არაბეთის PIF-ი (საჯარო საინვესტიციო ფონდი) SpaceX-ის მთავარ ინვესტორთა სიაშია.

შეგახსენებთ, რომ Anthropic-ი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული Nvidia-ს გრაფიკულ პროცესორებზე (GPU), თუმცა ამავდროულად ცდილობს ჩიპების მომწოდებლების დივერსიფიკაციას, რადგან Claude-ზე არსებულმა მოთხოვნამ კომპანიის გამოთვლითი რესურსები უკვე მაქსიმალურ ზღვრამდე დატვირთა.

კომპანიის მონაცემებით, ივლისის ბოლოსთვის მისმა წლიურმა შემოსავალმა $65 მილიარდს გადააჭარბა, მაშინ როდესაც 2025 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაახლოებით $9 მილიარდს შეადგენდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.