„კეკლუცად“ დაბეჭდილი წიგნების ქალაქი

„კეკლუცად“ დაბეჭდილი წიგნების ქალაქი

თბილისში პირველი სტამბა ვახტანგ VI-ის ინიციატივით, მეთვრამეტე საუკუნის გარიჟრაჟზე გაჩნდა. ქართული ნაბეჭდი სიტყვის ისტორია სასულიერო ლიტერატურითა და ვეფხისტყაოსნით იწყება, თუმცა „კეკლუცად“ დაბეჭდილი წიგნების სიძვირის გამო, ბევრმა კითხვა მდარე, „შაურიანი წიგნებით“ ისწავლა. ძველი თბილისი შეშლილი ბუკინისტებისა და წიგნებით ქუჩა-ქუჩა მოვაჭრე ყარაჩოღელების
ქალაქიც იყო, სადაც ზოგი წიგნიერებას ავრცელებდა, ზოგიც მეთექვსმეტე საუკუნის ხელნაწერ ეტრატებს „სახევ ქაღალდად“ ყიდდა.

„ათას შვიდას ხუთს თუ ექვსს, მეფე ვახტანგ მეექვსის მოწადინებით და ზოგი ერთი საქართველოს წარჩინებული პირების რჩევით, საქართველოდამ გაიგზავნნენ რამდენიმე ახალგაზდა ქართველი ყმაწვილი კაცები რუსეთის სხვა-და-სხვა ქალაქებში; ამათ უნდა დაევლოთ და გაესინჯათ რუსეთის სტამბები, შეესწავლათ სტამბის ხელოვნება და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში სტამბის იარაღით და დაეფუძნათ ქალაქ თბილისში სტამბა. ეს ყმაწვილები გაიგზავნნენ საქართველოს ხაზინის ხარჯით; იმათი გვარები ჩვენ არ ვიცით, გარდა ერთისა, უფ. ბაღინოვისა, რომელსაც ექიმობაც სცოდნია და მეფე ვახტანგის ბრძანებით, სპარსულიდამ მოთხრობა „ბარამიანი“ და „კარაბადინი“ უთარგმნია; ეს ბაღინოვი თფილისის მოქალაქის შვილი ყოფილა, ფრანგი.

მოგზაურობის შემდეგ, სამეფო ქალაქ მოსკოვს იყიდეს სტამბის იარაღი, დაიქირავეს ოთხი ვალახიელნი მესტამბენი, იყიდეს ყოველი სტამბის საჭირო მასალა და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში 1707 წლის დამდეგს… ათას შვიდას რვის დასაწყისში მოამზადეს დასაბეჭდათ: სახარება, დავითნი, სამოციქულო, დაუჯდომელი და ვეფხვისტყაოსანი. 1709 წლის დამლევამდინ გამოსცეს კიდეც ეს ზემო-ხსენებული წიგნები“.

ასე აღწერს „მეთვრამეტე საუკუნის მწიგნობრობას საქართველოში“ ლიტერატურის მკვლევარი, გამომცემელი და ქვეყნის მოამაგე კაცი – ზაქარია ჭიჭინაძე, რომელიც კვირაობით, იარმუკაზე, „ყოველნაირი ძველი და ახალი წიგნებით“ ვაჭრობდა. მწიგნობრობის შესახებ მომზადებული სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში კი, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში შევარდნილმა ავაზაკმა გაძარცვა – პალტო და სამი მანეთი წაართვა.

წიგნების შეძენა ბუკინისტთან, სოსიკო მერკვილაძის წიგნის მაღაზია „ცოდნა“ / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ლიტერატურასა და საგამომცემლო საქმეზე საუბრისას, ბუნებრივია, გვერდს არ და ვერ ავუვლით „ვეფხისტყაოსანს“. მთავარი ქართული წიგნი, რომლის მნიშვნელობა როგორც ლიტერატურული, ისე მრავალი სხვა, მათ შორის, საკრალური თვალსაზრისითაც განუზომელია, თბილისის საგამომცემლო ცხოვრებაშიც დიდ როლს ასრულებდა. მიუხედავად ამისა, იყო დრო, როდესაც წიგნი, რომელსაც ქალს მზითვად ატანდნენ, ქალაქში არ იშოვებოდა:

„ამას წინად, ჩვენ გავიგონეთ საჩივარი ერთის პირისაგან, რომ აგერ მთელი თვეა „ვეფხვის-ტყაოსნის“ ყიდვა მინდა და ვერსად ვიშოვეო. მართლაც რომ ძნელად საშოვარი-ღაა ეს წიგნი. კარგი იქმნებოდა ამ გარემოებისთვისაც მიექციათ ყურადღება და ჩქარ-ჩქარა გამოეცათ ხოლმე იმისთანა წიგნები მაინც, რომელთაც ხალხში გასავალი აქვსთ და იყიდებიან“.

„ვეფხისტყაოსნის“ გარდა, სხვადასხვა დროს, დეფიციტური იყო სხვა ქართული გამოცემებიც. მაგალითად, 1875 წლის დასაწყისში, გაზეთ „დროების“ ერთ-ერთ ნომერში საჩივარია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ „ზოგიერთები „სამზარეულო წიგნს“ ჰკითხულობენ ქალაქში, მაგრამ ვერც წიგნის მაღაზიებში და ვერც სხვაგან სადმე უპოვიათ. გასაკვირველია, რისთვის გამოსცეს, თუ გასასყიდლად არ უნდოდათ“. რა თქმა უნდა, წიგნი გასაყიდად უნდოდათ, უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ბარბარე ჯორჯაძის კულინარიული წიგნის პირველივე ტირაჟი მალევე მთლიანად გაყიდულა.

ასევე ერთიანად გაყიდულა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, რომელთან დაკავშირებითაც მკითხველები იმედს გამოთქვამდნენ, რომ გამომცემელი მალე ახალ ტირაჟს შესთავაზებდა საზოგადოებას, თანაც, განახლებულ გამოცემაში პოეტის შემოკლებულ ბიოგრაფიასა და ზოგიერთ სხვა თხზულებებსაც ჩაურთავდნენ: „ბიოგრაფიის შედგენა მით უფრო საჭიროა ახლა, რომ ჯერ ჩვენში კიდევ ცოცხალი არიან ამ ნიჭიერ პოეტის მცნობნი და ნათესავები, თავადი გრიგოლ ორბელიანი და სხვა“.

ბარათაშვილისა და ბარბარე ჯორჯაძის წიგნების მსგავსად, არ იშოვებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების კრებული, თუმცა ხსენებული ავტორებისგან განსხვავებით, ჭავჭავაძის წიგნები „თურმე ერთს პირს აქვს შენახული და არავის არ ურიგებს გასასყიდად და ხალხში გასავრცელებლადაო“.

წიგნებზე არსებული მოთხოვნისა და სხვადასხვა გამოცემის დეფიციტურობის გათვალისწინებით, ქართული პრესის ფურცლებზე არაერთხელ აღძრულა სჯა-ბაასი იაფი წიგნების, განსაკუთრებით კი „იაფი ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის შესახებ. 

„ქართველიშვილისეული ვეფხისტყაოსანი“ და მიხაი ზიჩის ილუსტრაცია / ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ერთ-ერთი ვერსიით, „იაფ ვეფხისტყაოსანს“ დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო როგორც გამომცემლისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რადგან, ერთი მხრივ, „იაფი წიგნები თითო კვირაში ათასი ეგზემპლარობით გაყიდულა“, მეორე მხრივ კი ასეთი წიგნებით „აიმსო ქალაქის ბაზრები, უწიგნობით დამშეულს ხალხს უჭირავს ხელში, კითხულობს და სხვა თუ არა, ზოგიერთი წარსულის ამბები, კეთილი მოსაზრებანი, სიმღერები მაინც გავრცელდა“.

ამგვარ იდეებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ „სახალხო, იაფი ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა „ჩვენი შრიფტის ზომის, ქაღალდის სიძვირის“ და სხვა მიზეზთა გამო, შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, „ვეფხისტყაოსანი“ მაინც იბეჭდებოდა და ასე თუ ისე ხელმისაწვდომ გამოცემებთან ერთად, ამ წიგნის იშვიათი, ძვირფასი გამოცემებიც ჩნდებოდა ბაზარზე.

როგორც 1887 წლის საგაზეთო ცნობიდან ვარკვევთ, ოცი წლის განმავლობაში, სხვადასხვა გამომცემლის მიერ, სხვადასხვა ტირაჟით, „ვეფხისტყაოსანი“ ექვსჯერ დაბეჭდილა, თუმცა „ამ ჟამად გასასყიდად თითქმის აღარც-კი იშოვება. რადგან ყველა მოელოდა სურათებიანის „ვეფხვის ტყაოსნის“ დაბეჭდვას, ამიტომ უბრალოდ ბეჭდვას ამ ძვირფასის წიგნისას აღარავინ შეუდგა“.

„სურათებიან ვეფხისტყაოსანზე“, რომლის დაბეჭდვას „ყველა მოელოდა“, ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ამ მდიდრული გამოცემის დაგვიანებით და ბაზარზე არსებული დეფიციტით უსარგებლია თბილისელ გამომცემელთა ნაწილს, მათ შორის გრიგოლ ჩარკვიანსაც და მაშინ, როდესაც არათუ სურათებიანი“, „უსურათო ვეფხისტყაოსანიც“ აღარსად იშოვებოდა, პოემის შედარებით უბრალო, თუმცა ხელმისაწვდომი, სუფთად, კარგი შრიფტით დაბეჭდილი ვერსია შეუთავაზებია მკითხველთათვის.

რაც შეეხება „სურათებიან ვეფხისტყაოსანს“, ანუ „მდიდარ ნახატებიან პოემას“ – მასში წარმატებული ქართველი მეწარმისა და მეცენატის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ჩაფიქრებული გამოცემა იგულისხმება. 1880-იან წლებში პოემის ტექსტის ვარიანტების შესაჯერებლად სპეციალური კომისია, გამოცემის გასაფორმებლად კი ცნობილი უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი – მიხაი ზიჩი მოუწვევიათ.

„ჩემი კავკასიაში მოგზაურობის პერიოდში, მე შემიყვარდა ეს რაინდი ხალხი და მე მათ, რამდენადაც შემეძლო, დახმარების ხელი გავუწოდე და დავეხმარე პატრიოტული საქმის შექმნაში“, – დაწერს მოგვიანებით ზიჩი.

როგორც საგაზეთო ცნობებიდან ვიგებთ, „სურათებიანი ვეფხისტყაოსანი“ სულ 600 ცალი უნდა დაებეჭდათ. ტირაჟთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც „გაჭირვეულებულა, ორი ათას ორასი დავბეჭდოთო. რომ უთხრეს, მაგდენი ეგზემპლიარი არ გაიყიდებაო, ილიას უთქვამს: თქვენ არა გწამთ ეს წიგნი. ძველად მზითევში ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“ და ეხლაც ასე იქნება, თუ კარგად გამოვეცითო“.

გრიგოლ ჩარკვიანი, ქართველი გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე / ისააკ შიხმანის ფოტო / ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია / ეროვნული ფოტომატიანე

საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ „სურათებიანი ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის პროცესი მოსალოდნელზე დიდხანს გაიწელა, 1888 წლისთვის ქართველიშვილისეული გამოცემა უკვე მზად იყო:

„ჩვენ ვნახეთ ეს მდიდრულად დაბეჭდილი სურათებიანი „ვეფხის-ტყაოსანი“ და უნდა ვსთქვათ, რომ ამისთანა ლამაზსა და კარგს სანახავს იშვიათად შეხვდება კაცი არამც თუ ჩვენში, არამედ რუსეთშიაც-კი. ასო-მთავრულები მეტად ლამაზები და ხელოვნებით ნაკეთებია, არშიები ქართულის ჩუქურთმის გემოვნებაზეა შეფარდებული, თითო-რამ ნახატი, სავსე თავისებურის მშვენიერებითა და სილამაზით. თვითონ ზიჩისგან ნახატი სურათები ხომ ისეთია, რომ დიდხანს არ გინდა თვალი მოაშორო. ეს წიგნი განძი იქნება სწორედ ყოველ ქართველის ოჯახისათვის და არა გვგონია, ისეთი ქართველი შეგნებული ოჯახი მოიპოვებოდეს, რომ ასეთი სამწიგნობრო სამკაული არ შეიძინოს და ამით არ დაამშვენოს თავისი სახლი. სამწუხარო ის არის მხოლოდ, რომ ეს წიგნი ბლომად არ არის დაბეჭდილი და ვაითუ ყველა მსურველს არ გასწვდეს, თუმცა ფასი დიდი აქვს, თუმან ნახევარი ჰღირს“.

დიდი მოლოდინისა და ოპტიმიზმის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო, „ქართველიშვილისეული ვეფხისტყაოსანი“ კომერციულად წარმატებულ პროექტად ვერ შედგა, თუმცა საქველმოქმედო და არაერთი სხვა თვალსაზრისით ამ გამოცემამ ფინანსურზე დიდი სარგებელი მოიტანა.

„სურათებიანი ვეფხისტყაოსნისგან“ განსხვავებით, წარმატებული კომერციული პროექტი ყოფილა კ. თავართქილაძის „ვეფხის ტყაოსანი“, რომელიც ორჯერ 4500-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და ორჯერვე სრულად გაიყიდა. შედეგად, 1895 წელს, თავართქილაძეს მესამე გამოცემის ბეჭდვაც დაუწყია, რომელშიც „ოცამდე საუკეთესო სურათი უნდა ყოფილიყო მოთავსებული და ხალხისთვის ხელმისაწვდენ ფასად გაყიდულიყო“.

გაზეთი „ივერია“, #273, 1887 წ.

ახალი გამოცემებისგან განსხვავებით, ბევრად ძვირად ფასობდა ძველი, იშვიათი წიგნები, თუმცა ცოტამ თუ იცოდა მათი რეალური ფასი. ამიტომაც იყო, რომ ასეთ გამოცემებს უხვად შეხვდებოდით თბილისის იარმუკაზე. აქ კაპიკებად შეიძლება შეხვედროდით XI საუკუნის, ეტრატზე დაწერილ ქართულ ხელნაწერ სახარებას; ასევე, არცთუ იშვიათად, „სახევ ქაღალდად“ იყენებდნენ ქართულ ხელნაწერებს, რომელიც „სოკრატისა და სხვათა ბრძენთ თქმულებას შეიცავს და თარგმნილია ვახტანგ მეფის დროს ერასტი თურქისტანიშვილისაგან“.

ეგ კი არადა, 1881 წელს, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ზაქარია ჭიჭინაძე ძველ და იშვიათ წიგნებთან დაკავშირებული ერთი სევდიანი ისტორიის გამო წუხდა:

„ამ უკანასკნელ ჟამს თბილისში გარდაცვლილა ერთი მოხუცებული კაცი, რომელსაც დარჩენია მრავალი ხელთ-ნაწერი წიგნები. ეს წიგნები ზოგი თვითონ შეუგროვია და ზოგიც მამა-პაპისაგან დარჩენია, რადგანაც მამა და პაპა მისი ფრიად მოყვარენი ყოფილან ქართულის ლიტერატურისა და განსაკუთრებით ხელით-ნაწერი წიგნებისა.

მოხუცებულის სიკვდილის შემდეგ მის შვილებს, თუ შვილის-შვილებს, ის ხელთ- -ნაწერი წიგნები ქალაქის იარმუკაზე ერთი მწევრიმალესთვის მიუყიდნიათ, ფუთი რვა აბაზათ. მწევრიმალესაც, რასაკვირველია, დაუხევია და ქაღალდის პარკებათ გაუკეთებია. ამ დღეებში შემთხვევით შევხვდი იმ დუქანში ერთ ხელთ-ნაწერს წიგნსა, რომლის სათაურიც ასეა დაწერილი: „განსჯანი არისტოტელისანი კეთილისა და ბოროტისა…“

ამავე თვალსაზრისით, 1885 წელს, გამოუსწორებელი დანაშაული ჩაუდენია თბილისელ წიგნის ქურდს, ავსტრიის ქვეშევრდომს, წარმომავლობით ჩეხს, ვისთვისაც თბილისის გეოგრაფიის საზოგადოების ბიბლიოთეკა მიუბარებიათ მოსაწესრიგებლად. მოწესრიგების ნაცვლად, რაც კი ძვირფასი და რარიტეტული წიგნი მოხვედრია თვალში, სათითაოდ გაუზიდია და ქაღალდის ფასად გაუყიდია – „ეხლა პოლიცია დადის და აქა-იქა დუქნებში პოულობს წიგნებს“.

ამგვარი ისტორიების ფონზე, მხოლოდ ფანტაზიის დახმარებით თუღა შევძლებთ იმ უნიკალური თაროს წარმოდგენას, უიშვიათესი, ხელნაწერი ქართული წიგნებით რომ შეიძლება ყოფილიყო დაკომპლექტებული.

გაზეთი „ივერია“, #49, 1892 წ.

რაც შეეხება ახალ გამოცემებს და გამომცემელთა გაჭირვებას XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის თბილისში, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვახსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. როგორც ჩანს, გამომცემლებს დიდად არც წარსულში ულხინდათ და არაერთ ფინანსურ პრობლემას აწყდებოდნენ. მათი ნაწილი იძულებული იყო, საკუთარი წიგნები სხვადასხვა მაღაზიაში დაერიგებინა გასაყიდად, თუმცა მაღაზიათა დიდი ნაწილი არცთუ პატიოსნად იქცეოდა და დროულად არ უსწორებდა ანგარიშს, უფულოდ კი აბა, რომელი საქმე გამოსულა?!

მეორეც, მათ ბიზნესს იარმუკის წიგნის გამყიდველებიც „ერჩოდნენ“ და გამომცემელთა დასუსტებას ერთი გონივრული ხრიკით ცდილობდნენ – მათ მსახურებს სახლებიდან თუ სტამბებიდან „გაბრიყვებით“ ახალგამოცემულ წიგნებს მოაპარვინებდნენ და სანამ წიგნი ბაზარზე რელევანტურ ფასად გამოჩნდებოდა, მოპარული წიგნები უკვე იყიდებოდა, ზოგჯერ თვითღირებულებაზე იაფადაც კი!

როგორც ზემოთქმული, ისე არაერთი სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოება დიდად აფერხებდა საგამომცემლო საქმის განვითარებას. თანაც, ყველაფერთან ერთად, „შნოიანად“ და „კეკლუცად“ დაბეჭდილ წიგნს, მაგალითად, ვოლტერისა, რომელიც შესაბამისი თანხაც ღირდა, მოსახლეობის ნაწილი ე.წ. შაურიან წიგნებს ამჯობინებდა, რომლითაც გაჯერებული იყო თბილისური წიგნის ბაზარი და მათი შინაარსიც რიგით თბილისელთა გულებთანაც უფრო ახლოს მიდიოდა…

„შაურიან ლიტერატურასთან“ დაკავშირებით, ქართველ პუბლიცისტს, გაზეთ „დროების“ რედაქტორს, სერგეი მესხს თუ დავუჯერებთ, 1870-იანი წლების შუა პერიოდში, ერთ პატარა წრეში გამოთქმულა აზრი, რომ „ჩვენს ღარიბსა და წიგნის კითხვას ჯერ კიდევ შეუჩვეველს ხალხში პირველი ადგილი ისეთს წიგნებსა და გამოცემათ უნდა ეჭიროსთო, რომელნიც იაფად ფასობენო. „შაურიანი ლიტერატურა“ არის ახლა ჩვენი მხსნელიო“. თუმცა, ამ შემოსავლიან საქმეს, ანუ იაფი, პატარა წიგნების გამოცემას, მესხის სიტყვებით, უსწავლელი პირები შესდგომიან, დაუწყიათ „ომის სიმღერების“, „ბებუროვის ლექსების“, „ჩოლოყაშვილის „ლექსის“, „ქვრივის ლექსის“ და სხვა ამგვარ ქმნილებათა წერა, გამოცემა და შაურად გაყიდვა – „ყველა ეს ბროშურა, ეს ლექსები, ეს შაურიანი წიგნები რომ ერთად მოვაგროვოთ, ყველაში ერთად მისხალი ჭკუა, გრძნობა, პოეზია და ჰაზრი არ მოიპოება. ცარიელი უაზრო სიტყვების უაზრო და უხეირო რახა-რუხია, მაგრამ ხალხი ჰყიდულობს, რას იზამ! იაფიც არის! შაურის მიცემა არ ეძნელებათ…“

„როგორც წვიმის შემდეგ სოკოები, ისე იბადებიან ჩვენში სხვა-და-სხვა ათას გვარი პატარა წიგნები, შაურიანი ბროშურები. ვინც არ გინდა, გამომცემლობას ჩემულობს. თითო-ორ თუმანს მონახავენ სადმე, აიღებენ სულელურ ლექსებს, ზღაპრებს, მოთხრობას ან სხვა რამ ამ გვარს, აბეჭდვინებენ და ჰყიდიან. მომეტებული ნაწილი ამ წიგნებისა არც ღმერთს არგია, არც ერს; ამ გვარი წიგნების ასე მსწრაფლად ათასობით და ათი-ათასობით გავრცელება გვიმტკიცებს, რომ ჩვენს ხალხში არის სურვილი, არის ხალისი წიგნის კითხვისა; ამტკიცებს, რომ ჩვენს უბრალო ხალხსაც ეჭირება გონებითი საზრდო, ტვინის საკვებავი“ , – ვკითხულობთ 1881 წლის „დროების“ ერთ-ერთ ნომერში.

ამგვარი მოსაზრებების საპირისპიროდ, იყო ერთი არგუმენტი, რაც „შაურიან ლიტერატურას“ სხვა ფასს სძენდა. მიიჩნეოდა, რომ მოქალაქეთა ნაწილმა სწორედ ამ მდარე, იაფფასიანი ლიტერატურის წყალობით ისწავლა წერა-კითხვა, რაც, მოგეხსენებათ, მაშინდელ საქართველოში დიდი გამოწვევა იყო. აღნიშნული არგუმენტის მტკიცებულებად ალბათ ეს ფაქტი გამოდგება:

ომიდან [რუსეთ-ოსმალეთის ომი, 1877- 1878 წწ] დაბრუნებულმა „მილიციონერებმა დიდ-ძალი ქართული წიგნები იყიდეს. მომეტებულ ნაწილს ამათგანს, როგორც გვითხრეს, ლაშქარში ცუდად ყოფნის დროს დაუსწავლია ქართული წერა-კითხვა და ახლა, რომ არ დაავიწყდეთ, შაურიან წიგნებს ჰყიდულობენ თურმე“.

საბედნიეროდ, საქართველოში წერაკითხვის გავრცელების საქმე „შაურიანი ლიტერატურის“ იმედად არ ყოფილა მიტოვებული. ამ დროისათვის უკვე გამოცემულია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, ასევე – ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ერთ საგულისხმო ამბავს გიამბობთ:

„ჩვენ გვითხრეს, რომ უფალი ვართანოვი, თფილისის წიგნის მაღაზიის პატრონი, ვინც კი ხამი კაცი მოვა იმის მაღაზიაში და ქართულ ანბანს თხოულობს, ყველას უფალ ს. მდივანოვის ანბანს აჩეჩებს ხელშიო; აგრეთვე ვინც გარეშე ქვეყნებიდამ ითხოვს, ყველას მაინცა-და-მაინც ისევ ამავე მდივანოვის ანბანს უგზავნისაო. რასაკვირველია, ყოველად უნაკლულო არც უფალ გოგებაშვილის „ქართული ანბანია“, მაგრამ სირცხვილია, რომ ამისთანა ანბანი იყოს და უფალ მდივანოვის საძაგელი ანბანი ვრცელდებოდეს. მაგრამ კომერციული ანგარიში რას არ აქნევინებს კაცს!“

აქვე უნდა ვახსენოთ იაკობ გოგებაშვილის განცხადება, რომელიც 1894 წელს გავრცელდა: „ყოველს ქართულს სამკითხველოს, ბიბლიოთეკას, დაარსებულს საქართველოში, თუ რუსეთში, იაკობ გოგებაშვილი აძლევს სრულს უფლებას, დაიბაროს მისგან უფასოდ წერა-კითხვის საზოგადოების მაღაზიის შუამავლობით თვითო ცალი ყოველის მის მიერ დაწერილის წიგნისა და ამის გარდა სამი მანეთის სხვა ქართული წიგნები“. ამ წიგნებს შორის იყო – „იავნანამ რა ჰქმნა“, „კარგს ქაღალდზე, ლამაზად გამოცემული პაწია წიგნი, რომელიც სულ ორი შაური ღირს და ყველა ბავშვი დიდის სიამოვნებით წაიკითხავს“.

რასაკვირველია, „შაურიანი წიგნები“, მაგალითად – „ქალ-ვაჟის დარდების მიწერ-მოწერა და ქალის დათანხმება, მკითხაობა მარცვლით, ანუ ხელით და ქალ ვაჟის საუბარი“, ან „ლამაზებში პირველი ვარ ბალა-ბალა-ჯან“ ხელმისაწვდომობის გარდა, სხვა ვერანაირი კრიტერიუმით ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევდა იმ პერიოდის ხარისხიან, „კეკლუცურ“ გამოცემებს, თბილისურ წიგნის მაღაზიებში რომ გვხვდებოდა.

გამოცემებთან ერთად, წლების სვლასთან ერთად, მატულობდა წიგნის მაღაზიებიც და თუკი 1880 წლისთვის ქალაქში წიგნის თერთმეტი მაღაზია იყო, ათი წლის შემდეგ „წიგნების სავაჭრო 40 მაღაზია და დუქანი“ დაითვლებოდა.

ხსენებული მაღაზიებიდან ერთ-ერთი 1878 წელს, „ქაშვეთის ეკლესიის ქვემოთ, დუქნებში“ გაუხსნია გრიგოლ ჩარკვიანს. ამ გარემოებას იმდროინდელი საზოგადოება, „ყველა ქართველი, რომელთაც კი თავის სამშობლო ლიტერატურის წარმატება რამედ მიაჩნიათ“ სიხარულით უნდა შეხვედროდა, რადგან მაშინდელი პრესის ფურცლებიდან ვიგებთ, რომ როგორც წიგნის გავრცელება, ისე კონკრეტული, მათ შორის ახალი გამოცემების შოვნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული:

„დღემდინ ქართული წიგნის ყიდვის მსურველს ყველა წიგნის მაღაზიები უნდა დაევლო, წიგნის გამომცემელთან უნდა მისულიყო რამდენიმეჯერ და ბოლოს იქნება, როგორც იყო, შეეძინა წიგნი. ახლა ხსენებულ მაღაზიის საშუალებით, წიგნის შეძენის ღონის-ძიება გაადვილებული იქნება, რადგან ამ მაღაზიაში იქნება გასასყიდლად დაწყობილი ყოველ-გვარი ქართული წიგნები, რომელიც კი თფილისში ან სხვაგან სადმე დაბეჭდილია ან დაიბეჭდება“.

გრიგოლ ჩარკვიანს საქმე „სინდისიანათ და ცოდნით წაუყვანია“, შესაბამისად, მაღაზიის გახსნიდან ორი წლის შემდეგ საკუთარი სტამბის მოწყობაც გადაუწყვეტია – „რომ ამითი უფრო იაფად დაიჯდინოს თავის საკუთარი გამოცემანი და ხალხსაც უფრო იაფად მიჰყიდოს“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალში, მაშინ, როდესაც ძვირფასი, „სურათებიანი ვეფხისტყაოსნის“ მოლოდინში მთავარ ქართულ წიგნს პრაქტიკულად აღარავინ დაბეჭდავს და რუსთაველის პოემის შოვნა წარმოუდგენლად გართულდება, სწორედ გრიგოლ ჩარკვიანი მოგვევლინება იმ ალღოიან გამომცემლად, სუფთად, კარგი შრიფტით დაბეჭდილ და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ „ვეფხისტყაოსანს“ რომ შესთავაზებს საზოგადოებას. ასევე, სწორედ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში შევარდნილი ავაზაკი გაძარცვავს ქართული ლიტერატურისა და, ზოგადად, წიგნიერების მოამაგე კაცს, ზაქარია ჭიჭინაძეს.

ჩარკვიანის მაღაზიის მსგავსად, პოპულარული წიგნის მაღაზია უნდა ყოფილიყო აკაკი წერეთლის ახლო მეგობრის, სოსიკო მერკვილაძის „ცოდნა“, რომელიც დღევანდელი ჯორჯაძის ქუჩის #5-ში მდებარეობდა. მაღაზიაში, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სალონური შეხვედრების ფუნქციასაც ითავსებდა, სხვადასხვა წიგნთან ერთად, თავად სოსიკო მერკვილაძის გამოცემებიც იყიდებოდა, გამომცემლისა და მაღაზიის მეპატრონის დასახასიათებლად კი ეს საგაზეთო განცხადებაც კმარა:

„ბ-ნო რედაქტორო! ოქტომბრის 25-ს, საღამოს 7 საათზე, ჩემს წიგნის მაღაზიაში შემოვიდა ერთი ქართველი კაცი, იყიდა ქართული წიგნი და იქვე დარჩენოდა, საფულე ფულებით.

სახელი და გვარი მისი არ ვიცი, თუმცა სახეზე კი ვიცნობ. რადგანაც აქამდე არ მოაკითხა, ამისათვის ვაცხადებ გაზეთებში და ვსთხოვ მობრძანდეს და მიიღოს თავისი კუთვნილი საფულე და ფულები.

პატივისცემით სოსიკო მერკვილაძე“.

კიდევ ერთი საინტერესო წიგნის მაღაზია თბილისში 1875 წლისთვის გახსნილა:

„კუკიის ხიდის თავში, მირზოევის ახალს შენობაში ყველა გამვლელი უნებურად მიაქცევს ყურადღებას ევროპიულად მორთულს წიგნის მაღაზიას, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც ბრიტანიის სახარების გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა გამართა ჩვენს ქალაქში. როგორც გავიგეთ, აგენტი ცდილობს, რომ საიდამაც რიგია ნებართვა მიიღოს ქართული იაფი სახარების დაბეჭდვისა, ან სხვა ვისმესგან გამოცემული სახარება იყიდოს რამდენიმე ათასი ეგზემპლიარი“.

უცნობია, რა ბედი ეწია ამ მაღაზიას, თუმცა ის კი ზუსტად ვიცით, რომ წლების შემდეგ, 1886-1887 წლებში კუკიის ხიდზე გამართულ კიდევ ერთ, წიგნის ახალ მაღაზიას, მხოლოდ სამი-ოთხი თვე უმუშავია.

ბუნებრივია, წიგნების ყიდვა-გაყიდვაზე საუბრისას, შეუძლებელია, არ ვახსენოთ ბუკინისტები, როგორც ამ სამყაროს განუყოფელი და განსაკუთრებული ნაწილი.

„ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ იოსებ გრიშაშვილი ახსენებს ვინმე ყარაჩოღელ ესაღოვს, „რომელიც განიერი შარვლით და ვერცხლის ქამრით დადიოდა თბილისის ქუჩებში და კალათით წიგნებსა ჰყიდდა. ამრიგად, ძველი თბილისის ბაზარს, გარდა საკუთარი მწერლებისა, მხატვრებისა და გამომცემლებისა, „თავისი წიაღიდან წარმოშობილი მოხეტიალე ბუკინისტებიცა ჰყავდა“; ხოლო „ქალაქურ ლექსიკონში“ ნახსენებია ვინმე „აფაფია“ [მეტსახელი] ერთი მოჩხუბარი თბილისელი ბუკინისტი, იარმუკაზე რომ ვაჭრობდა.

ასევე, გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტფილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით ფსიქიკური პრობლემების მქონე ბუკინისტს – იაშკას, რომელიც „განთიადიდგან შუაღამემდე ქუჩა-ქუჩა დატანტალებს ქოლგით, ჯოხით, ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ხელში“. ბუკინისტობის გარდა იაშკა ერთი მავნე ჩვევითაც უნდა ყოფილიყო ქალაქში ცნობილი – „ხშირად მიჰვარდნია ქალებს და კოცნა დაუწყია. პოლიციამ იაშა არა ერთხელ შეიპყრო, მაგრამ მაინც ვერ დააშლევინეს ეს საქციელი“.

დასასრულ კი, ორიოდ სიტყვა უცხოელ ავტორებსა და მათი ნაწარმოებების ქართულ თარგმანებზე. ამ თემაზე საუბრისას, პირველ რიგში, ალბათ ივანე მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე და შექსპირის ქართული თარგმანები გაგვახსენდება. 1877 წლის გაზეთ „დროების“ ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ:

ჩვენ მივიღეთ ახალი წიგნი – „მეფე ლირი“, ჩინებული ტრაგედია შექსპირისა, ინგლისურიდამ გადმოღებული ივ. მაჩაბლის და ილ. ჭავჭავაძის მიერ. „მეფე ლირი“ ურითმო ლექსებით არის თარგმნილი. გამოცემა არც კარგია, არც ძალიან ცუდი. თვით თარგმანზე ჩვენ მალე მოველაპარაკებით ჩვენს მკითხველებს“.

აბა, რა დიდი „მოლაპარაკება“ იქნებოდა საჭირო?!

შემდგომში უკვე გაზეთი „ივერია“ აცნობებდა მკითხველს, რომ 1887 წლის დამლევს, „ჰამლეტის“ მაჩაბლისეული თარგმანი მეორედ გამოცემულა – „წიგნი ძალიან კეკლუცურად არის დაბეჭდილი და ღირს ექვსი შაური“.

„ჰამლეტს“ „ოტელო“ და „მაკბეტიც“ მოჰყოლია…

ივანე მაჩაბლისგან განსხვავებით, თარგმანში დაკარგულა ჯონათან სვიფტის – „გულივერის მოგზაურობის“ „ქართულად გადმომღები“ ბატონი ცისკარიშვილი. წიგნი ადვილი საკითხავი ყოფილა და მთარგმნელს მწერლის მახვილი ენაც შეუნარჩუნებია, თუმცა:

„ბ-ნი მთარგმნელი გულივერის მოგზაურობას იწყებს ლონდონიდამ. მკითხველი ჰხედავს, რომ გულივერი ინგლისელი მკვიდრია. მოგზაურობის ამბავს თვითონ გულივერი მოგვითხრობს და ერთს ადგილას გვეუბნება:

ისეთი დიდრონი მდინარეები დამხვდა, რომ ჩვენი მტკვარი და რიონი რა იქნება იმათთანაო. აქედამ გამოდის, რომ გულივერი ან ქართველია თითონ, ან ქართველი მკითხველები ჰყავს სახეში, მაშინ-როდესაც სვიფტმა იქნება არც კი იცოდა, არიან სადმე ქართველები თუ არაო, და გინდაც სცოდნოდა, იმ დროს სრულიადაც არ მოუვიდოდა თავში ქართველი მკითხველი. ამისთანა შეცდომადვე უნდა მოვიხსენიოთ მოგზაურობაში ნანახის ტაძრის შედარება ალავერდის ეკლესიასთან“.

პრობლემური ყოფილა ფრანგულიდან თედო სახოკიას თარგმნილი და ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისა“ – „ენა ძალიან ბორძიკობს, კანონიერი ქართული არ არის“.

საგულისხმოა, რომ XIX საუკუნის ბოლოსთვის თბილისში ცალკე წიგნებად იბეჭდებოდა ქართულად თარგმნილი პატარ-პატარა მოთხრობები და ამბები „ევროპიელთა საუკეთესო მწერლებისა, როგორც, მაგალითად, ალფონს დოდესი, გიუ დე-მოპასანისა, მატილდა სერაოსი და სხვათა“. ასევე საკმაოდ პოპულარული უნდა ყოფილიყო სამეცნიერო და ფილოსოფიური შინაარსის ლიტერატურა – „მ. შარაძის ნათარგმნი ფილოსოფოსი სოკრატი, რომელიც სამი ათას ეგზემპლიარად დაიბეჭდა, სულ გაყიდულა და ეხლა ხელ- -მეორედ აპირებენ დაბეჭდვას“.

რაც შეეხება საყმაწვილო ლიტერატურას; თუკი გაზეთ „ივერიას“ დავუჯერებთ, 1880-იანი წლების ბოლოსთვის ამ კუთხით არცთუ სახარბიელო ვითარება ყოფილა:

„ვინც იცის სიღარიბე ჩვენის საყმაწვილო წიგნებისა, დიდად ესიამოვნება ამბავი, რომ ბ-ნ მაჭავარიანს გადაუთარგმნია ქართულს ენაზედ მშვენიერი თხზულება ქალის ბიჩერ სტოუსი – „ბიძია თომას ქოხი“, რომლის დაბეჭდვაც უკისრნია ბ-ნ ჩარკვიანს. ეს წიგნი ისეთი განძია მთელის ევროპის საყმაწვილო ლიტერატურისა, რომ ბევრი არ მოიპოვება მისი ცალი და ბადალი. ამიტომ საჭიროა, რაკი ეს განძი მალე ქართველ ბავშვებსაც ექნებათ ხელში, ჯეროვანის ყურადღებით დაიბეჭდოს ხსენებული წიგნი.“

ბოლოს, ორი სიტყვა ვთქვათ ქართველთა წრეზეც, რომელიც ტფილისში 1890 წელს იმ მიზნით შემდგარა, რომ „სწერონ მდაბიურისა და გასაგების ენით პატარ-პატარა წიგნები სამეცნიერო შინაარსისა”. ამ ტიპის ლიტერატურის კრიტიკულ აუცილებლობაზე კი ძველ ქართულ პრესაში აღწერილი ეს კონკრეტული ფაქტი მეტყველებს:

„ნამდვილი წყაროებიდამ შევიტყეთ, რომ ჩვენს გამოჩენილს ისტორიკოსებს ვრცელი გამოკვლევა დაუწერიათ, სადაც ამტკიცებენ, რომ ადამიც ქართულს ენაზე ლაპარაკობდაო. სხვათა შორის ისტორიკოსები ჰფიქრობენ, რომ უნდა ყოფილიყოს ქართულ ენაზე პოემა „ადამიანი“ როგორც არის, მაგალითად, თამარიანი, დავითიანი და სხვანი“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *