გუშინ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ პირველი მედლის მოპოვება შეძლო. მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა, თუმცა ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დღეს საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება, თუმცა მას მედლის მოგების დიდი შანსი აქვს. ჩვენი ქვეყნის სახელით ლაშა ბექაური იასპარეზებს, რომელიც ტოკიოს თამაშების ოლიმპიური ჩემპიონია. ლაშა 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის პირველ ნომრად არის განთესილი, შესაბამისად, ტურნირის მოგების ფავორიტია.
ძიუდოში შეხვედრები, ჩვეულად, 12:00 საათიდან დაიწყება. ბექაური ტურნირზე პირველ შეხვედრას მეორე წრეში, მერვედფინალში გამართავს. მისი მეტოქე კი ლიბანის სახელით მოასპარეზე კარამნობ საგაიპოვი ან ბულგარეთის წარმომადგენელი ივაილო ივანოვი იქნება.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.