კიმ ჩენ ინი: ფხენიანი ბირთვული ომის შესაკავებლად და აშშ-სთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადაა

კიმ ჩენ ინი: ფხენიანი ბირთვული ომის შესაკავებლად და აშშ-სთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადაა

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა ნებისმიერი სახის ბირთვული შეტევის შესაკავებლად და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადაა. ჩრდ. კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტიც გააფრთხილა და დასძინა, რომ სეული ომის ზღვარზეა.

ახალი ამბების სააგენტო KCNA-ის ცნობით, კიმმა აღნიშნული განცხადება 27 ივლისს, კორეის ომის ზავის 69 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გააკეთა. ჩრდ. კორეის ლიდერის თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია, უპასუხოს ნებისმიერი სახის კრიზისს და ბირთვული ომის შეკავებისთვისაც ძალების ზუსტი და სწრაფი მობილიზება შეუძლია.

კიმის განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „საშიშ, უკანონო და მტრულ ქმედებებს“ ჩრდილოეთის წინააღმდეგ. ფხენიანი უკვე დიდი ხანია, აშშ-ს სამხედრო აქტივობებში ორმაგ სტანდარტებსა და ჩრდილოეთის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. კიმ ჩენ ინი მიიჩნევს, რომ სწორედ აშშ-ის ეს ქმედება აფერხებს მოლაპარაკებების განახლებას, რომლის მიზანიც, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების დემონტაჟია.

გამოსვლისას კიმმა სამხრეთ კორეის ახალ პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლზეც ისაუბრა და ჩრდილოეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვისადმი მუქარაშიც დაადანაშაულა. კიმის გამოსვლაზე კომენტარი იუნის ოფისმაც გააკეთა და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეას ნებისმიერ დროს შეუძლია „ძლიერად და ეფექტიანად“ უპასუხოს ნებისმიერი სახის პროვოკაციას. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბირთვული ტესტირების გაგრძელების შემთხვევაში, ფხენიანისადმი სანქციები გამკაცრდება.

შეგახსენებთ, რომ საბრძოლო დაპირისპირებები კორეის ომში (1951-1953) ზავის ხელმოწერით, თითქმის 70 წლის წინ შეწყდა, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულება ქვეყნებს შორის არასდროს გაფორმებულა. ეს კი ნიშნავს, რომ ორი სახელმწიფო ტექნიკურად ჯერ კიდევ ომშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *