ქალაქები, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა

ქალაქები, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა

სატრანსპორტო კვლევების კომპანია INRIX Research-მა იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საავტომობილო მოძრაობა ყველაზე მეტადაა გადატვირთული. კვლევის მიხედვით, მსგავსი ქალაქების უმრავლესობას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მასშტაბით შევხვდებით.

როგორც INRIX Research-ის კვლევით დადგინდა, ევროპის ურბანული დასახლებების 42%, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების 39% ახლა უფრო მეტად გადატვირთულია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც გადატვირთული მოძრაობის მქონე ურბანული დასახლებების მაჩვენებელი 72%-ს აღწევს.

გაერთიანებულ სამეფოში, გასული წლის განმავლობაში მოსახლეობას საცობში დგომა საშუალოდ 80 საათს უწევდა, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული მაჩვენებელი 51 საათს უდრიდა. ქალაქების მიხედვით, ყველაზე რთული მდგომარეობა ლონდონშია, წლიურად ერთი მძღოლის მიერ გადატვირთულ მოძრაობაში საშუალოდ გატარებული 156 საათით, შემდეგ მოდის ჩიკაგო და პარიზი, შესაბამისად 155 და 138 საათით.

მსოფლიოს იმ ქალაქების ხუთეულში, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა, ორი ქალაქი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა წარმოდგენილი. ჩიკაგო და ბოსტონი საცობში დახარჯული 155 და 134 საათით, შესაბამისად, მეორე და მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ. გადატვირთულ მოძრაობაში გატარებული საათების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით ყველაზე მეტად, 72%-ით, ბოსტონში გაიზარდა, შემდეგ კი ჩიკაგოში 49%-ით.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც გასულ წელთან შედარებით, გადატვირთულ მოძრაობაში მძღოლის მიერ გატარებული საშუალო დრო შემცირდა (-1%). თუმცა მიუხედავად ამისა, საფრანგეთის დედაქალაქი რეიტინგში მესამე ადგილზეა წარმოდგენილი, რაც ლონდონის შემდეგ მას ევროპაში ყველაზე გადატვირთულ ქალაქად აქცევს.

წლიურად საცობში გატარებული დროის მიხედვით, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ქალაქების ათეულს, სადაც ყველაზე გადატვირთული მოძრაობაა:

  1. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო – 156 საათი (საცობში გატარებული დრო წლიურად)
  2. ჩიკაგო, ამერიკის შეერთებული შტატები – 155 საათი
  3. პარიზი, საფრანგეთი – 138 საათი
  4. ბოსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები – 134 საათი
  5. ბოგოტა, კოლუმბია – 122 საათი
  6. პალერმო, იტალია – 121 საათი
  7. ტორონტო, კანადა – 118 საათი
  8. ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები – 117 საათი
  9. მონტერეი, მექსიკა – 116 საათი
  10. ფილადელფია, ამერიკის შეერთებული შტატები – 114 საათი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *