კოდირების პლატფორმა GitLab–ი Nasdaq–ზე დებიუტისას $14.9 მილიარდად შეფასდა

კოდირების პლატფორმა GitLab–ი Nasdaq–ზე დებიუტისას $14.9 მილიარდად შეფასდა

GitLab–ის აქციების ფასმა  Nasdaq–ზე დებიუტისას დაახლოებით 35%–ით გადააჭარბა მათი შეთავაზების ფასს, რაც პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის $14.9 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციას ქმნის. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორთა დიდ დაინტერესებას სწრაფად მზარდი პროგრამული კომპანიების მიმართ.

ცნობისთვის, წინა თვეს ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ აქციების პირველადი განთავსების შემდეგ GitLab-ის საბაზრო ღირებულება $10 მილირდი იქნებოდა.

კომპანიის აქციების ფასი $94.25-ით  გაიხსნა და ვაჭრობა  $103.89–ით დაიხურა, საინტერესოა, რომ პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფასი თითო აქციაზე  $77 იყო. კომპანია ვარაუდობდა, რომ თითოეულ აქციას $66–დან $69–მდე გაყიდდა.

GitLab–ი მომხმარებლებს დეველოპერული ოპერაციების განსახორციელებლად როგორც ფასიან, ასევე უფასო ვერსიებს სთავაზობს. პლატფორმა აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და IT ოპერაციებს. დეველოპერებს შესაძლებლობა აქვთ, პლატფორმა  კოდის დასაწერად, შესაფუთად, გამოსაქვეყნებლად და მონიტორინგისთვის გამოიყენონ.

კომპანია შემოსავალს გამოწერილი პროდუქტების შესაბამისად იღებს. თვეში $19–ად GitLab–ი კომპანიებს სხვადასხვა ინსტრუმენტს სთავაზობს კოდის უფრო სწრაფად განხილვისა და მომხმარებელთა დახმარებისათვის. ხოლო თვეში $99–ად მომხმარებელი ისეთ მახასიათებლებზე წვდომას იღებს, როგორიცაა უსაფრთხოების ტესტირება და შესაბამისობა, ე.წ. ქომფლაენსი.

Khosla Ventures–ისა და Google Ventures–ის  მხარდაჭერით, GitLab–ი კონკურენციას უწევს GitHub–ს, რომელიც  2018 წელს Microsoft–მა $7.5 მილიარდად შეიძინა.

2020  ფისკალური წლის განმავლობაში GitLab–მა $152.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის 200%–ით აღემატება წინა წლის შემოსავალს – $81.2 მილიონს. კომპანიის მთლიანი მოგება დაახლოებით 86%–ით გაიზარდა და $133.7 მლნ  შეადგინა.

GitLab–ი 2011 წელს უკრაინაში დმიტრი ზაპოროჟეცმა დააფუძნა. საინტერესოა, რომ GitLab-ი  სრულად დისტანციურ სამუშაო ძალას იყენებს, რომელიც ამჟამად მოიცავს 1,350 თანამშრომელს 65-ზე მეტ ქვეყანაში.

Start-up მონაცემთა პლატფორმის PitchBook–ის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში აქციების მეორეული გაყიდვის შემდეგ კომპანია  $6 მილიარდად შეფასდა.