კომერციული ტრანსპორტის მომავალი ელექტროა

კომერციული ტრანსპორტის მომავალი ელექტროა
MAN-ის ენერგოეფექტიან სატრანსპორტო საშუალებებს საქართველოში Tegeta Truck & Bus-ი შემოიყვანს

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია TEGETA TRUCK & BUS-ი უკვე 17 წელია, საქართველოს ბაზარზე მსოფლიო გიგანტის, MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. გერმანული ბრენდის სატვირთო ავტომობილები თუ სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და ინდუსტრიაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. „თეგეტა“ პირველი იყო რეგიონში, რომელმაც სატვირთო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო და ოფიციალური იმპორტიორი გახდა. წარმატებული თანამშრომლობის შედეგია MAN-ის სტანდარტებით აშენებული სატვირთო ტექნიკის სერვისცენტრი თბილისში.

TEGETA TRUCK & BUS-ის მასშტაბურ პროექტებს შორის გამორჩეულია ჯერ საქართველოს, შემდეგ კი სომხეთის დედაქალაქის MAN-ის უახლესი ავტობუსებით მომარაგება. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით და ნაკლები გამონაბოლქვით გამოირჩევა. მომდევნო წლიდან კი გერმანული კომპანია ელექტროძრავაზე მომუშავე ტექნიკის წარმოებას გეგმავს. სრულად ელექტრიფიცირებული მძიმე ტექნიკის საქართველოში იმპორტისთვის ემზადება კომპანია TEGETA TRUCK & BUS-ი.

მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ FORBES INFRASTRUCTURE-თან TEGETA TRUCK & BUS-ის დირექტორი, ბექა ბერიძე საუბრობს.

რას ითვალისწინებს თანამშრომლობა გერმანულ მწარმოებელთან, MAN-თან?

„ბრენდს, რომელიც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ოპერირებს, კავკასიის რეგიონში Tegeta Truck & Bus-ი წარმოადგენს. ჩვენი პარტნიორობა 2006 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც მომხმარებელს MAN-ის ახალი თაობის პროდუქციას წარუდგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მომსახურების ცენტრი წლების წინ MAN-ის სტანდარტებით აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრული მომსახურება გავუწიოთ.

MAN-ი წამყვანი ბრენდია არა მარტო სატვირთო ტექნიკის წარმოებაში, არამედ მიკროავტობუსების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებითაც.

ჩვენმა კომპანიამ 2016 წლიდან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. ამასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტმა 27 ერთეული MAN-ის ბრენდის ტექნიკა მიიღო. ნარჩენების გადამტვირთავი ტრანსპორტი დედაქალაქს უკვე ემსახურება.

გასულ წელს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ კი Tegeta Truck & Bus-ი ერევნის სატრანსპორტო რეფორმაში ჩაერთო და სომხეთის დედაქალაქს MAN-ის 87 ერთეული უახლესი ავტობუსები მიაწოდა“.

ვინ არის Tegeta Truck & Bus-ის მომხმარებელი?

„უკვე ვახსენეთ მუნიციპალური კომპანიები, „თბილსერვისჯგუფი“, აქვე აღსანიშნავია კერძო სექტორი, რომელთა მხრიდან არანაკლებ მაღალი მოთხოვნაა. სწორედ ამ სეგმენტზე ნაწილდება თვითმცლელის ტიპის ტექნიკა სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

2022 წელს დავიწყეთ უნაგირა-საწევარას ტიპის ტექნიკის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიებისთვის ტვირთების შორ მანძილებზე გადასაზიდად.

ამასთან, ყოველწლიურად პრემიუმ-სეგმენტის სატვირთო ტექნიკის ბაზრის 50%-ს სტაბილურად ვიკავებთ. საქართველოში წელიწადში 200-დან 250 ერთეულამდე სატვირთო ტექნიკა შემოდის, მისი ნახევარზე მეტი რეალიზებულია Tegeta Truck & Bus-ის მიერ.

ამასთან ხაზგასასმელია, რომ ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას ვთავაზობთ“.

MAN-მა ელექტროძრავის მქონე ტექნიკაზე მუშაობა დაიწყო, 2024 წლის პირველ ნახევარში კი უშუალოდ წარმოებას დაიწყებს. შედეგად, კომპანია ნულოვანი ემისიის მქონე კომერციულ მანქანებზე გადავა. რას შეცვლის ეს კომერციული ტრანსპორტის მომავალში?

„MAN-ი, როგორც ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ყოველთვის ცდილობს, იყოს პირველი ევროპულ მწარმოებლებს შორის, რომლებიც ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავენ.

MAN-ი უკვე რამდენიმე წელია, ელექტრო და წყალბადისძრავიანი სატვირთოების ტექნოლოგიებზე მუშაობს. კომპანიას საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტი აქვს ამისათვის გამოყოფილი. უკვე შექმნილია ელექტროამძრავიანი სატვირთო ტექნიკის მოქმედი პროტოტიპები, რომელთა გამოცდის შედეგად MAN-მა გადაწყვიტა, ელექტროტექნიკის წარმოებაში 2024 წლის დასაწყისიდან ჩაერთოს. იმავე წელს ბაზარზე 200 ერთეული ელექტროამძრავიანი სატვირთო ტექნიკა გამოვა. მანქანები MAN-ის ყველაზე მნიშვნელოვან მომხმარებელს შორის გადანაწილდება“.

იქნება თუ არა Tegeta Truck & Bus-ი მათ შორის?

„ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველები არაევროკავშირის ბაზარზე, ვინც მიიღებს MAN-ის ელექტრომანქანებს. ამის პირობა პარტნიორებისგან უკვე გვაქვს.

MAN-ი გერმანული ბრენდია. შესაბამისად, მათთვის უპირატესია, ტექნიკა ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გამოსცადონ, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაკვირვება, უშუალოდ ექსპლუატაციის პროცესში, უფრო მარტივი იქნება. კომპანია შეძლებს, შეაფასოს ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ტექნიკის მუშაობა, განსაზღვროს, რა არის გასაუმჯობესებელი. პირველი 200 მანქანა სატესტოა. შემდგომი მასობრივი წარმოებისთვის კი MAN-ი ნიურნბერგსა და მიუნხენში ახალ ინფრასტრუქტურას ქმნის.

როგორია MAN-ის პროგნოზი ბაზრის განაწილებასთან დაკავშირებით ელექტრო და ნავთობზე მომუშავე ტექნიკას შორის?

„MAN-ი ვარაუდობს, რომ 2025 წლიდან ელექტრო და დიზელის ძრავაზე მომუშავე ტექნიკის ჯამური ფლობის ღირებულება ერთმანეთს გაუთანაბრდება.

როგორც ევროკავშირის, ისე MAN-ის პროგნოზებით, 2025 წლიდან 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროტექნიკის წილი ბაზარზე. 2040 წლისთვის კი სრულად მოხდება ელექტროტექნიკაზე გადასვლა. 2030 წლიდან ბევრი მწარმოებელი წყვეტს საწვავზე მომუშავე ახალი ტექნიკის წარმოებას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ დიზელისძრავიან ტექნიკას მეტი დანახარჯი აქვს როგორც საწვავის, ისე ნაწილების კუთხით – ელექტროტექნიკას ნაკლები ცვეთა აქვს, ნაკლები სათადარიგო ნაწილი სჭირდება“.

MAN-ი ელექტროამძრავიანი მანქანებისთვის საჭირო ელემენტების ქარხნის აშენებასაც აპირებს. რა არის MAN-ის მიზანი და რა იქნება ახალი ელემენტების უპირატესობა?

„MAN-მა ქალაქ ნიურნბერგში უკვე დააარსა ელემენტების მწარმოებელი ქარხანა, სადაც მძიმე ტექნიკისთვის საჭირო ელემენტების კომპლექტები დამზადდება. ახალი ელემენტები იქნება უფრო ეფექტიანი, ნაკლები დანახარჯით. ამასთან, კომპანიას საშუალება ექნება, ელექტროწარმოების ბაზარი საკუთარი ძალებით განავითაროს.

ნიურნბერგის ახალ ქარხანაში უკვე იწარმოება ელემენტები არა მხოლოდ სატვირთო ტექნიკისთვის, არამედ ავტობუსებისთვისაც.

სატვირთო ტექნიკა გამოიყენება შედარებით უფ­რო მძიმე პირობებში მუშაობისთვის – კარიერებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში და.ა შ., უნაგირა-საწევარები კი შორ მანძილზე გადაადგილებისთვის.

ელემენტების არსებული ტექნოლოგია არ იძლევა შესაძლებლობას, ტექნიკამ 500 კილომეტრზე მეტი მანძილი გაიაროს. MAN-ს აქვს ამბიცია, შეიმუშაოს ტექნოლოგია, რომლითაც ტექნიკა 1000 კილომეტრს შეუფერხებლად დაძლევს, დასამუხტად კი მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება.

უკვე მოქმედი ელექტროავტობუსები, მაგალითად, MAN Lion’s City E, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია, ახერხებს, ნორმალური გადაადგილების რეჟიმსა და ექსპლუატაციის ოპტიმალურ პირობებში 500 კილომეტრი დაფაროს.

რა უპირატესობები აქვს ელექტროამძრავიან მანქანებს საწვავზე მომუშავე ტექნიკასთან შედარებით?

„პირველ რიგში, ნაკლები ემისია და ეკოლოგიური ფაქტორი. 2024 წლიდან საქართველოშიც ამოქმედდება რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, Euro 5-ზე ნაკლები ემისიის მქონე ტექნიკის შემოყვანა აიკრძალება.

ემისიების სტანდარტები წლების განმავლობაში მუშავდებოდა. დღეს ევროკავშირში Euro 6-ის ემისიის სტანდარტი მოქმედებს – თითოეულ სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ოდენობის CO2-ის გამონაბოლქვი.

გარდა ამისა, ელექტრომანქანა ნიშნავს ნაკლებ დანახარჯს. ავტომობილს, იქნება ეს ელექტროსატვირთო, მსუბუქი თუ ავტობუსი, ნაკლები დანახარჯი აქვს, ვიდრე დიზელის, ბენზინის თუ ნებისმიერ სხვა საწვავზე, მათ შორის, წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს“.

როგორია Tegeta Truck & Bus-ის მოლოდინი, როგორ მიიღებს ქართული ბაზარი კომერციულ ელექტროტექნიკას?

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც საკუთარი ინიციატივით დაუჭერს მხარს ბაზარზე ასეთი – ეკონომიური და ეკომეგობრული – ტექნიკის შემოტანას. „თეგეტა ჰოლდინგს“ აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა ბრენდს და ტექნიკას არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ადგილობრივი ბაზრის და, შესაბამისად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ტექნიკა საცდელ რეჟიმში შემოვიყვანეთ და გადავეცით მომხმარებელს. ფინანსურ სარგებელს კი წლების შემდეგ ვიღებთ.

მაგალითად, შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები – ეს იყო პირველი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც დიზელზე მომუშავე ავტობუსები ჩაანაცვლა. ზუსტად ამავე გზით გვინდა, წავიდეთ ელექტროავტობუსების მიმართულებით: ჯერ მომხმარებელი დავარწმუნოთ ამ ტიპის ტექნიკის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში. ვფიქრობთ, დაინტერესება დიდი იქნება. უკვე ვსწავლობთ ბაზარს და მზაობა აშკარაა.

გამოწვევად რჩება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მოწყობაშიც კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთობლივი ძალით უნდა ჩაერთონ.

ელექტროსატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია და განვითარება, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ელექტროგამომუშავების ინფრასტრუქტურის გაფართოებას, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები, ქარზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა თუ მზის პანელები. საქართველოს ამის დიდი რესურსი აქვს“.

როგორია MAN-ის და Tegeta Truck & Bus-ის სამომავლო გეგმები?

„ყველაზე მნიშვნელოვანი – ტექნოლოგიური განვითარებაა. MAN Lion City E არის ელექტროავტობუსი, რომლის შემუშავებასაც გერმანულმა კომპანიამ არაერთი წელი მოანდომა და ის უკვე ექსპლუატაციაშია ჩაშვებული. ეს არ არის სატესტო ავტობუსი ან დემო-ვერსია – ის უკვე გადაადგილდება ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში, შვეიცარიიდან – ესპანეთამდე. გაყიდვების კუთხითაც, სტატისტიკურად, MAN Lion City ერთ-ერთი ლიდერია. როგორც უკვე ვთქვი, მას შეუძლია, 500-მდე კილომეტრი დაფაროს დღე-ღამის განმავლობაში.

ავტობუსი იქნება სწორედ ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც MAN-ი წარმატებით და აქტიურად შეაბიჯებს ელექტრომიმართულებაში. ჩვენ კი, როგორც გერმანული კონცერნის ოფიციალური წარმომადგენლები, შევძლებთ, ამ თანამედროვე, ეკომეგობრული ტექნიკით საქართველო მოვამარაგოთ. Tegeta Truck & Bus-ი იქნება პირველი კომპანია, რომელიც ამ ტექნოლოგიურ მიღწევას ამიერკავკასიის რეგიონში შემოიტანს.“

 

ფოტო: ჯაბა ჩიტიძე / Forbes Georgia