ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა, მაკროდონეზე იქნება იგი განხილული, თუ მიკროდონეზე, აუცილებელ (თუმცა, არასაკმარის) პირობად გულისხმობს კონკურენციისა და კონკურენტული გარემოს არსებობას. დღეს არავინ დავობს და პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური დოქტრინა აღიარებს მარტივ კორელაციას კონკურენციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის – რაც უფრო მაღალია კონკურენციის დონე, რაც უფრო მეტად თავისუფალია ბაზარი, მით მეტია საკუთარი უნარების სრულფასოვანი რეალიზაციის შესაძლებლობა და, შესაბამისად, ეკონომიკური თუ ფინანსური ზრდის ტემპი.
თუმცა მხოლოდ ზრდა არ გახლავთ პროცესის სრულფასოვნების შეფასების კრიტერიუმი, რადგან სრულიად შესაძლებელია, ზრდის მაღალი ტემპის მიუხედავად, განვითარების დონე და მასშტაბი გაცილებით დაბალი, ან სულაც ნულოვანი იყოს. ამიტომ სამიზნე კრიტერიუმი თანამედროვე საზოგადოებაში არის ე.წ. მდგრადი განვითარების მოდელი, რომელიც ქვეყნის განვითარების ისეთი სისტემის არსებობას გულისხმობს, როცა ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს საზოგადოების კეთილდღეობის, ცხოვრების დონისა და ხარისხის ზრდის საფუძველს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შემდგომი თაობებისთვის ცხოვრებისა და განვითარების მაღალი სტანდარტის მქონე გარემოს ჩამოყალიბებას როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.
როცა ვსაუბრობთ და მიმოვიხილავთ საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოსა და მისი ხარისხის შეფასებას მისი ეფექტიანობის კუთხით, საჭირო და მართებულია ეს საკითხი მრავალწახნაგოვან პრიზმაში დავინახოთ. სრულფასოვანი დასკვნებისა და მეტ-ნაკლებად ზუსტი “დიაგნოზის” დასასმელად, სასურველია, განვიხილოთ არა მხოლოდ უშუალოდ საბანკო სექტორი, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ანუ საბანკო სფეროს მთავარი სახელმწიფო რეგულატორისა და ბაზარზე წარმოდგენილი კონკურენტი საბანკო სტრუქტურების ურთიერთობის ერთგვარი გამარტივებული მოდელი, არამედ ქვეყნის მთლიანი საკრედიტო ბაზარი, მისი მონაწილე ყველა სუბიექტის ჩათვლით. მხედველობაში მაქვს ე.წ. ჰორიზონტალური კონკურენცია, რომელიც მოიცავს საქართველოს მოქმედი საბანკო სტრუქტურების ერთმანეთთან ურთიერთობის ასპექტებს და მეორე, ე.წ. ვერტიკალური კონკურენცია, რომელიც საბანკო სტრუქტურების გარდა მოიცავს სასესხო კაპიტალის ბაზრის სხვა მოთამაშეებისა და ალტერნატიული სასესხო-საკრედიტო ინსტრუმენტების ურთიერთმიმართებისა და ურთიერთობის საკითხებს. აქ, ბუნებრივია, იგულისხმება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, საპენსიო და სიცოცხლის დაზღვევის ფონდები და, რაც ყველაზე საინტერესოა, საფონდო ბაზარი, როგორც ალტერნატიული სასესხო-საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვისა და მართვის მეტად ეფექტიანი ინსტრუმენტი.
ჰორიზონტალურ ჭრილში საბანკო სექტორისათვის ქვეყანაში საკმაოდ სრულფასოვანი და ეფექტიანი კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდა. ამის საფუძველი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, არის საქართველოს ეროვნული ბანკის სწორი რეგულაციები და მოქნილი საზედამხედველო პოლიტიკა. აღნიშნულმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საბანკო სტრუქტურებისა და მთლიანად საბანკო ინდუსტრიის თანამიმდევრული და სწრაფი ზრდა და განვითარება. ვგულისხმობ როგორც საბანკო სექტორის ფინანსურ სტაბილურობასა და გადახდისუნარიანობის საკმაოდ მაღალ დონეს, ისე ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებსა და საბანკო პროდუქტების მეტ- ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ხარისხს. აქ შეგნებულად არ ვსაუბრობ საკრედიტო რესურსების შედარებით მაღალ საცალო ფასზე, სესხის საპროცენტო განაკვეთზე და თავად ბანკებს შორის საფასო კონკურენციის დაბალ დონეზე, რისი მიზეზიც ქვეყანაში ზოგადად ალტერნატიული, არასაბანკო სასესხო და საინვესტიციო რესურსების ბაზრის არარსებობაა.
ვერტიკალური კონკურენცია სასესხო-საინვესტიციო კაპიტალის ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობს:
• საკრედიტო კავშირების ინსტიტუტი ქვეყანაში არ არის განვითარებული;
• ასევე, მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაშია საპენსიო და სიცოცხლის დაზღვევის ფონდები, რისი მთავარი მიზეზიც საზოგადოებაში დანაზოგების მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია;
• მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკუთარი მწირი ფინანსური რესურსების გამო თავად არიან საბანკო სტრუქტურების მიერ გამოყოფილ ფინანსურ ტრანსფერებსა და ინიექციებზე დამოკიდებულნი და, შესაბამისად, მათი სასესხო კაპიტალის ძალიან მაღალი საცალო ფასის გამო ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევენ საბანკო სექტორს;
• არ ფუნქციონირებს საფონდო ბაზარი და საფონდო ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებელია, საბანკო სასესხო კაპიტალის ალტერნატივა ყოფილიყო უპირველეს ყოვლისა კონკურენტული ფასის ფორმირების თვალსაზრისით და ამავდროულად სასესხო კაპიტალის გაიაფების საფუძველი და ერთგვარი “სტიმული” გამხდარიყო.
საფონდო ბაზრის, ანუ არასაბანკო სასესხო-საინვესტიციო რესურსების ალტერნატიული ინსტრუმენტების ფუნქციონირების კუთხით, საქართველოში პარადოქსული მდგომარეობაა. ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს ამ სფეროს მარეგულირებელი საკმაოდ მოწესრიგებული ფორმალური საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა. მეორე მხრივ, ქვეყანაში არსებობს საფონდო ბირჟა. თუმცა, მხოლოდ ნომინალურად – რეალურად იგი არ ფუნქციონირებს. მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში საფონდო ბირჟისა და საფონდო ინსტრუმენტების დღევანდელი პოტენციალი ძალიან დიდია, თუმცა ის ფაქტი, რომ საფონდო ბირჟა ქვეყნის რამდენიმე მსხვილი ბანკის საკუთრებას წარმოადგენს, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს და ბუნებრივად ბადებს კითხვებს პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტისა და საფონდო ბირჟის ფუნქციონირების შესაძლო ხელოვნური შეზღუდვის თაობაზე – საფონდო ბირჟისა და საფონდო ინსტრუმენტების განვითარება, ანუ საბანკო საკრედიტო რესურსების ალტერნატიული სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარება, ანუ, კიდევ უფრო დავაზუსტებ, ბანკების კონკურენტი სტრუქტურების განვითარება, რამდენად წარმოადგენს თავად საფონდო ბირჟის მფლობელი მსხვილი ბანკების ინტერესს?
ვფიქრობ, ეჭვიც და შეკითხვაც ლეგიტიმურია. პასუხი? პასუხი არის მხოლოდ ის, რომ “ჩვენ უნდა განვავითაროთ ქვეყნის საფონდო და ალტერნატიული სასესხო კაპიტალის ბაზარი”. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ამ ხმამაღალ განცხადებას ჩვენ აგერ უკვე ოცი წელია, ვისმენთ.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოში მნიშვნელოვნად არის გართულებული სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებების მოქალაქეთა მიერ შეძენის ტექნიკური რეგლამენტი – ფორმალურად, აღნიშნული ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მოქალაქეებისა და არასაბანკო იურიდიული პირებისათვის სრულიად ღია და თავისუფალია. თუმცა განსახორციელებელი ტრანზაქციების მინიმალური მოთხოვნები და მოცულობები საკმაოდ მაღალია, რაც ბუნებრივად ხელს უშლის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორეული განთავსების კომპონენტის რეალურ განვითარებას, და მთელი ამ ბაზრის ექსკლუზიურად საბანკო არხებში მოქცევასა და მართვაზე ბანკების “ტოტალურ” კონტროლს უწყობს ხელს.
დიაგნოზი: ბანკთაშორისი საკრედიტო კაპიტალის ბაზარი საკმაოდ განვითარებულია და კონკურენციის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ხარისხი აქვს. რაც შეეხება ქვეყნის მთლიან სასესხო-საინვესტიციო კაპიტალის ბაზარს, აქ მდგომარეობა კარდინალურად განსხვავებულია – საბანკო სტრუქტურები დომინანტურ საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. პრაქტიკულად შექმნილია ხელოვნური ბარიერები ბაზრის ალტერნატიული ინსტრუმენტების სრულფასოვანი განვითარებისათვის.