კონკურენციის სააგენტოს მმართველი, თავმჯდომარის ნაცვლად, შესაძლოა 5 წევრიანი საბჭო გახდეს

კონკურენციის სააგენტოს მმართველი, თავმჯდომარის ნაცვლად, შესაძლოა 5 წევრიანი საბჭო გახდეს

კონკურენციის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, პარლამენტისთვის რომან კაკულიას მიერ წარდგენილი კანონპროექტით იცვლება სააგენტოს როგორც ფუნქციების ნაწილი, ასევე მისი მმართველი ორგანო. 

მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. ის თავიდანვე არის არის ჩართული მოკვლევის პროცესში, იცნობს საქმის მიმდინარეობას და ამასთან, წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ,  საქმის შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების ფუნქციები არ არის გამიჯნული და ამასთან, გადაწყვეტილების მიღება (მათ შორის, დარღვევის დადასტურების, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, კონცენტრაციაზე თანხმობის/უარის საკითხებზე) ხდება ერთპიროვნულად.

შემოთავაზებული კანონპროექტით, სააგენტოს მართვის ორგანო იქნება საბჭო, რომელიც შედგება 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან. საბჭოს წევრთა კანდიდატებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრი.

პირი საბჭოს წევრად და თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საბჭოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არის სააგენტოს თავმჯდომარეც. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით (თითო წევრს აქვს თითო ხმა) – გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დაახლოებით 965 000 ლარით. აქედან თანამდებობრივი სარგოსთვის უნდა გამოიყოს 420 000 ლარი. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *