რომელი ბიზნესმოდელია თქვენი სტარტაპისთვის საუკეთესო?

რომელი ბიზნესმოდელია თქვენი სტარტაპისთვის საუკეთესო?

მთავარ კითხვაზე საპასუხოდ, პირველ რიგში, აუცილებელია განვმარტოთ, რას ნიშნავს ბიზნესმოდელი: როცა მეწარმეები აღნიშნულ ტერმინს იყენებენ, გულისხმობენ, თუ რა გზებით  შოულობს ბიზნესი ფულს.

თუმცა ბიზნესის მოდელი შემოსავლის მოდელში არ უნდა აგვერიოს. თუ უკანასკნელი მხოლოდ ვიწრო სფეროს – კლიენტის ფულის კომპანიისთვის ტრანსფერს გულისხმობს,  პირველი ბევრად ფართო ტერმინია, რადგან თავის თავში ბიზნესის ისეთ ასპექტებსაც მოიაზრებს, როგორიცაა: მიწოდება, მდებარეობა, მარკეტინგი, დასაქმებული პირები.

სტარტაპისთვის საჭიროა, რომ მისი ბიზნესმოდელი სხვადასხვა ფაქტორისა და შემქმნელთა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენდეს.

გაითვალისწინეთ სხვების გამოცდილება

წარმატებისთვის  ველოსიპედის თავიდან გამოგონება საჭირო არ არის, გაითვალისწინეთ თქვენს სფეროში უკვე წარმატებული ბიზნესკომპანიების გამოცდილება. მათი მოდელის მოდიფიცირება კი თქვენი სტარტაპის სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით შეგიძლიათ.

ცხადია, შემთხვევითი არ არის, რომ იმ კომპანიათა უმრავლესობა, რომლებიც მომხმარებელს კომპიუტერულ უზრუნველყოფას  სთავაზობენ, გამოწერაზე დაფუძნებულ შემოსავლის მოდელს იყენებენ.

ბევრად უფრო რისკიანი, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მოგებიანია, თუ სხვა სფეროში წარმატებულ მოდელს ახალ სივრცეს მოარგებთ, მაგალითისთვის: book.com-მა სისტემა eBay-დან აიღო, თუმცა გასაყიდი ნივთები მომსახურების ინდუსტრიით (სასტუმროების დაჯავშნა, საცხოვრებელი ფართების ქირაობა) ჩაანაცვლა.

გამოიკვლიეთ თქვენი ხარჯები, პროდუქტის/სერვისის ფასის სისტემა და მისი მარკეტინგული არხი

როდესაც ზუსტად გეცოდინებათ, რამდენი გიჯდებათ თქვენი პროდუქტის/სერვისის წარმოება, მას შესაბამის ფასსაც დაადებთ; გაარკვიეთ ოპტიმალური მარკეტინგული არხი, ანუ რა გზა უნდა გაიაროს პროდუქციამ წარმოებიდან მომხმარებლამდე და აარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო შემოსავლის მოდელი.

როცა მომხმარებლის მოსაზიდად რიგ სერვისებს კომპანია მსურველებს უფასოდ სთავაზობს, ჩნდება კითხვა – როგორ  გამოიმუშავებს ბიზნესი ფულს? თანამედროვე კომპანიები ამას რეკლამებით, წევრობის შეთავაზებითა და ‘freemium’-ით (მომხმარებლისთვის შეთავაზების ნაწილი უფასოა, ნაწილი კი ფასიანი) ახერხებენ.

ზოგადად, სტარტაპებს საწყის ეტაპზე მსგავს უფასო შეთავაზებების გამოყენებას არ ურჩევენ, რადგან ამ დროს რთულია იმის დადგენა, თუ რამდენად მზადაა მომხმარებელი, პროდუქტსა თუ სერვისში თანხა გადაიხადოს.

აირჩიეთ შემოსავლის მიღების სწორი მოდელი

ძირითადად შემოსავლის მიღების ორი განსხვავებული მოდელი არსებობს: ტრანზაქციული და  გამოწერაზე დაფუძნებული. მთავარი განსხვავება ისაა, რომ პირველის შემთხვევაში  მომხმარებელს ერთჯერადად მიჰყიდით პროდუქტს ან სერვისს, ხოლო მეორე შემთხვევაში – გარკვეული დროით აძლევთ წვდომას პროდუქციასთან.

ციფრულ სამყაროში გამოწერაზე დამყარებული მოდელი მეტად გამართლებულია, რადგან ის კომპანიას უზრუნველყოფს პერიოდული, პროგნოზირებადი შემოსავლით. ამასთანავე, ის მომხმარებლისთვისაც მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ ისეთი კომპანიები, როგორიცაა  Microsoft-ი, Adobe, ცდილობენ, ტრანზაქციული შემოსავლის მოდელიდან განხილულ გაყიდვის მეთოდზე გადავიდნენ.

შეჯამებისთვის, ახალი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებისას
  • გაითვალისწინეთ სხვა კომპანიების გამოცდილება;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი ბიზნესმოდელი მარტივად ადაპტირებადია;
  • განსაზღვრეთ თქვენი ხარჯები;
  • აარჩიეთ თქვენი შემოსავლის მოდელი.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *