აზიის განვითარების ბანკმა (ADB) კრედო ბანკთან 12.3 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება დადო. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული 3 წლიანი რესურსი მცირეშემოსავლიანი ფერმერული მეურნეობების და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე ქალ მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდება. შეუფერხებლად მიწოდებული ფინანსური რესურსის საშუალებით ისინი წარმატებით შეძლებენ COVID-19 პანდემიით მიღებული გამოწვევების მართვას.
აღნიშნული გარიგების გათვალისწინებით, აზიის განვითარების ბანკი (ADB), ჯამში 74 მილიონ ლარამდე ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს კრედო ბანკისა და მისი მომხმარებლებისთვის.
“მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განხორციელდა დიდი ხნის პარტნიორ – აზიის განვითარების ბანკთან. მოზიდული რესურსი გამიზნულია ფერმერთათვის მოახლოებული საგაზაფხულო სამუშაოების წარმოების ხელშესაწყობად. 11 თვიანი არასტაბილური გარემოს მიუხედავად კრედო ბანკმა თავის მომხმარებლებთან ერთად დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პანდემიით განპირობებულ გამოწვევებთან გამკლავება და ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული რესურსი ზურგს გაუმაგრებს სასოფლო-სამეურნეო სექტორის აღდგენასა და გაძლიერებაას!’’- განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა – ზაზა ფირცხელავამ.
“კრედო ბანკი მიკრო და მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და ქალი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობით მნიშვნელოვნად შეარბილებს კოვიდ-19-ის პანდემიის ნეგატიურ ეკონომიკურ გავლენას საქართველოს რეგიონებში. აღნიშული რესურსი მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ფერმერული მეურნეობების შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და საშუალებას მისცემს მათ კვლავაც განაგრძონ წვლილის შეტანა ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის საქმეში.“ განაცხადა კერძო სექტორის ფინანსური ინსტიტუტების დივიზიის დირექტორმა – ქრისტინ ენგსტრომმა.
კრედო ბანკის შესახებ
კრედო ბანკი საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზრის წამყვანი ბანკია, რომელიც 75 სერვისცენტრით, მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს და სრულ საკრედიტო და საბანკო მომსახურებას 350 ათასამდე მომხმარებელს უწევს. ბანკის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფა.
კომპანიის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-სგან შედგება
აზიის განვითარების ბანკის შესახებ
აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა. კომპანიის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს რეგიონში სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით მუშაობას, მხარს უჭერს და ეხმარება პარტნიორ ქვეყნებს ფინანსური, ტექნიკური მხარდაჭერით, გრანტებითა და კაპიტალის ინვესტიციებით, რითაც ხელს უწყობს მათ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია 68 წევრის მფლობელობაშია, აქედან 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.