კრემლი: ფასის ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს

კრემლი: ფასის ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს

რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს მოსკოვი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს, – ამის შესახებ განცხადებას კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ავრცელებს.

კრემლის მუქარა პირდაპირ კავშირშია დღეს მიმდინარე დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრასთან, სადაც რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივა განიხილება.

აღნიშნული სანქციის დამტკიცების შემთხვევაში, რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ფასის ზღვარი დაწესდება, რომელიც, სავარაუდოდ, ბრენტის ღირებულებაზე 30-40%-ით ნაკლები იქნება. სახელმწიფოებს შეეზღუდებათ რუსულ ნავთობში განსაზღვრულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა, ხოლო რუსეთს მასზე უფრო ძვირად ნავთობის გაყიდვა.

პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ინიციატივა წინააღმდეგობაშია საბაზრო პრინციპებთან, რის გამოც რუსეთის ფედერაცია თანამშრომლობას შეწყვეტს ყველა იმ კომპანიასა და აქტორთან, რომელიც ფასების ლიმიტს აამოქმედებს.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსული ენერგოკომპანიების შემოსავლებს, საერთაშორისო ბირჟას კი საჭირო მოცულობით ნავთობის მიწოდებას შეუნარჩუნებს, რაც, საბოლოო ჯამში, ენერგოკრიზისის შემსუბუქებას გამოიწვევს.

ზემოხსენებულ მოსაზრებას იზიარებს აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი, რომელიც ლიმიტის დაწესებას რუსეთის ფედერაციის შემოსავლებისა და კრემლის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და რეალისტურ სტრატეგიად მიიჩნევს.

პროექტის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფასის ლიმიტს რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და ნავთობს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მიჰყიდის, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ ან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი ($22.8 მლრდ) პროფიციტით შესრულდა. ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.