კრემლი უკრაინას პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

კრემლი უკრაინას პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციამ უკრაინა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. რუსეთის ინფორმაციით, გასულ ღამეს, კრემლს თავს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა.

პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართულ თავდასხმაში, კრემლის მტკიცებით, სწორედ ეს ორი დრონი იქნა გამოყენებული, თუმცა ორივე მათგანი რუსეთის თავდაცვის ძალებმა გააუვნებლა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, თავდასხმის მომენტში თავად პუტინი კრემლში არ იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად შენობებს მატერიალური ზარალი არ მიყენებია. უკრაინას რუსეთის ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რუსეთის სოციალურ მედიაში კი პარალელურად ვრცელდება გადაუმოწმებელი კადრები, რომლებზეც ცენტრალური მოსკოვის ტერიტორიაზე კვამლი მოჩანს. კრემლმა ინციდენტი „დაგეგმილ ტერორისტულ აქტად“ უკვე შეაფასა.

„კრემლმა ინციდენტი დაგეგმილ ტერორისტულ აქტად და გამარჯვების დღის, 9 მაისის აღლუმისთვის რუსეთის პრეზიდენტის მოკვლის მცდელობად შეაფასა“, – ნათქვამია ახალი ამბების სააგენტო RIA-ს განცხადებაში. RIA-ს ინფორმაციით, რუსეთი იტოვებს უფლებას რეაგირება მოახდინოს ინციდენტზე იმ დროს და იმ ფორმით, როგორც თავად საჭიროდ მიიჩნევს.