Oracle-ის მილიარდერმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ლარი ელისონმა სიმდიდრით Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა. ელისონის კიდევ უფრო გამდიდრება ორშაბათს Oracle-ის აქციების ფასის ზრდამ განაპირობა.
ლარი ელისონს, რომელიც Oracle-ის აქციების დაახლოებით 40%-ს ფლობს, Forbes-ის მონაცემებით, 206.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონება აქვს. მხოლოდ გუშინ, ელისონის ქონება 4.45%-ით, $8.8 მილიარდით გაიზარდა.
როგორც აღვნიშნეთ, ელისონს Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში დაწინაურებაში Oracle-ის აქციების ფასის ზრდა დაეხმარა. კომპანიის აქციები თითქმის 5%-ით გაიზარდა და $170-ს გადააჭარბა. პარალელურად კი, Amazon-ის აქციები მცირედ, 0.6%-ით გაუფასურდა, რამაც ჯეფ ბეზოსის ქონებას დაახლოებით 1.6 მილიარდი აშშ დოლარი გამოაკლო. ამ დროისთვის, ბეზოსი 202.9 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და Forbes-ის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს.
ლარი ელისონი ახლა რეიტინგში მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ჩამორჩება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება, ბოლო მონაცემებით, 250.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.