ლარის გაუფასურების ქრონიკა 2019 წელს - 20 ივნისამდე და მას შემდეგ

ლარის გაუფასურების ქრონიკა 2019 წელს - 20 ივნისამდე და მას შემდეგ

ლარი დოლართან გაუფასურების ანტირეკორდს ხსნის.

26 ივლისის ვაჭრობის შემდეგ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 93 ლარი გახდა. კომერციულ ბანკებში დოლარის ყიდვა კიდევ უფრო ძვირად – 2 ლარად და 98 თეთრადაა შესაძლებელი. თავის არსებობის ისტორიაში ლარი დოლარის მიმართ მსგავსად გაუფასურებული არ ყოფილა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ერთი მხრივ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, მეორე მხრივ კი რუსეთის მიერ ავიაშეზღუდვის დაწესებით ხსნიან. ეროვნულმა ბანკმა ლართან დაკავშირებით ბოლო განმარტება 24 ივლისს გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ “დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს”. საგარეო შოკში სებ-ი რუსულ ავიაშეზღუდვას გულისხმობდა.

პრემიერის მამუკა ბახტაძის შეფასებით კი ლარის გაუფასურება 20 ივნისს და შემდგომ განვითარებული მოვლენების გავლენის შედეგია. როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ვალუტის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” ავანტიურისტმა წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დადებითი დინამიკა დიდი ნეგატივის წყარო გამხდარიყო”.

როგორ ივაჭრებოდა ლარი წლის დასაწყისიდან და როგორია მისი გაუფასურების დინამიკა 20 ივნისის შემდეგ?

რეალურად, ლარის კურსმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება მაისის დასაწყისიდან დაიწყო, შესაბამისად ამ პერიოდში მასზე გავლენა ვერ ექნებოდა ვერც ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებულ ავიაშეზღუდვას და ვერც ივლისში რუსეთიდან შემცირებულ ტურისტულ ნაკადებს.

2019 წლის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 67 თეთრი იყო. წლის პირველ სამ თვეში, ლარი დოლარის მიმართ 2 თეთრით გაიფასურდა და მარტის ბოლოს მისი ღირებულება 2.69 ლარი გახდა.

აპრილში ლარის მერყეობა არ შეინიშნებოდა და კურსი 2 ლარსა და 70 თეთრს შორის შენარჩუნდა.

რეალურად, ლარის გაუფასურება მაისიდან დაიწყო. კერძოდ, თუკი მაისის დასაწყისში ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 70 თეთრი იყო მაისის ბოლომდე ლარი 10 თეთრით გაუფასურდა. ერთ თვეში ეროვნულმა ვალუტამ საკუთარი ღირებულების 3.7% დაკარგა და მაისის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 80 თეთრი გახდა.

გაუფასურების დინამიკა შენარჩუნდა ივნისშიც. თვე ლარმა მცირედი გამყარებით დაიწყო და 20 ივნისს მისი კურსი მაისის ბოლოსთან შედარებით 2 თეთრით გამყარებული – 2.78 ლარი იყო.

ლარის შემდგომი გაუფასურება კი 25 ივნისიდან დაიწყო. ივნისის ბოლოს დოლარის ღირებულებამ 2 ლარს და 86 თეთრს მიაღწია. გამოდის რომ ივნისში ლარი 6 თეთრით გაუფასურდა. მაისთან შედარებით მისი ღირებულება 2.1%-ით შემცირდა – ნაკლებად ვიდრე ეს მაისში მოხდა.

რაც შეეხება ივლისის თვეს, თვის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 11 თეთრით გაუფასურდა.

რუსული ავიაშეზღუდვის პირველი შედეგი უკვე შეაფასა თიბისი ბანკმა. ბანკის მონაცემებით, ივლისის პირველ კვირაში, მანამ სანამ ავიაშეზღუდვა შევიდოდა ძალაში, საქართველოში 50 030 რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით ნაკლებია. აქედან, 10%-ზე მეტად შემცირდა თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრების მაჩვენებელი, 13%-ზე მეტად ბათუმის, ხოლო ქუთაისის აეროპორტში კი თვის პირველ კვირაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირებულა და პირიქით 34.8%-იანი ზრდა აჩვენა. რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებს, ივლისის პირველ კვირაში მათი რაოდენობა 1.6%-ით შემცირდა. რაც შეეხება ივლისის მეორე კვირას, TBC-ის მონაცემებით, ამ პერიოდისთვის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით არის შემცირებული. მათ შორის საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 78%-ით შემცირდა, 1.7%-ით კი სახმელეთო გზით შემოსული. TBC-ში განმარტავენ, რომ მიუხედავად პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვისა, არაერთი რუსი ტურისტი შემოდის საქართველოში საჰაერო გზით, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც მიანიშნებს, რომ ავიაკომპანიებმა ალტერნატიული შეთავაზებები განავითარეს. მიუხედავად რუსი მოგზაურების შემცირებისა, TBC-ის კვლევით, ივლისის პირველ ორ კვირაში საქართველოს 3.2%-ით მეტი ტურისტი ეწვია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.