ლარიზაციის ტრენდი

ლარიზაციის ტრენდი

საქართველოში სესხებსა და დეპოზიტებში ლარის წილი იზრდება. 2017 წლიდან ეროვნულმა ბანკმა დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა: აიკრძალა 100 ათას ლარამდე სესხის ლარში გაცემა, სავალდებულო გახდა ლარში ფასდადება, დაიწყო სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა და ა.შ.. ლარიზაციის პოზიტიური დინამიკა, შეიძლება, სწორედ ლარიზაციის პოლიტიკის გავლენად მივიჩნიოთ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების წილი უმეტესწილად სწორედ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის გამო გაიზარდა.

თუმცა ხშირად მაინც ისმის შეკითხვა, რამდენად სწორად მოიქცა ეროვნული ბანკი, როდესაც ლარიზაციის პოლიტიკისთვის რეგულაციების გზა აირჩია? გასაგებია, რომ ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენება ხშირად საკამათოა. თუმცა, ვფიქრობ, საქართველოში შედარებით მცირე ოდენობის სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის აკრძალვა მართებული გადაწყვეტილება იყო. მიზეზი მარტივია: საბანკო სექტორში ფიზიკური პირებისთვის გაცემული შედარებით მცირე ოდენობისა და ვადის მქონე სესხები მთლიანად ისედაც ლარში იყო გაცემული, რასაც ვერ ვიტყვით არასაბანკო სექტორზე, სადაც მოკლევადიანი საცალო სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა უდავოდ პრობლემური გახლდათ. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მსესხებელთა მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს. ამდენად, პორტფელის სრული ლარიზაცია ოპტიმალური არ არის.

ეროვნული ვალუტის წილის ზრდის მიმართულებით პროგრესი მართლაც აშკარაა, თუმცა, თავისთავად, ლარიზაცია უფრო გრძელვადიანი პროცესია და ვფიქრობ, შედეგებს ეტაპობრივად უნდა ველოდოთ.

ლარის მიმართ ნდობის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, ვფიქრობ, მაინც მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რასაც საქართველომ წლების წინ მიაღწია. ამასთან, როგორც ჩანს, 90-იანი წლების ჰიპერინფლაციის ნეგატიური ზეგავლენა დღემდე მნიშვნელოვანია.

ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ლარში განთავსებულ დეპოზიტებსა და მთავრობის ფასიან ქაღალდებზეა, განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში, საკმაოდ მოგებიანი ინვესტიციის განხორციელების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ 2016 წლის ბოლოსთან შედარებით, იურიდიული პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია დაახლოებით 35 პროცენტული პუნქტით შემცირდა. სავარაუდოდ, მსგავს დინამიკას ფიზიკური პირების დეპოზიტების შემთხვევაში, შედარებით მეტი დრო დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, აქცენტი გაცვლითი კურსიდან პროდუქტების ფასებზე უნდა გადავიტანოთ. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის ტარგეტირების ჩარჩოც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თავის მხრივ, თიბისი ბანკი აქტიურად სწავლობს საერთაშორისო გამოცდილებას: საინტერესოა ისრაელის, ასევე სამხრეთ ამერიკის არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც ინფლაციით ინდექსირებული საბანკო პროდუქტები საკმაოდ პოპულარულია და ხშირად უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი დაკრედიტების ეფექტიან ალტერნატივას წარმოადგენს. თუ ლარში დაზოგვას ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაკარგვის მაღალი რისკი უშლის ხელს, შესაძლოა, ინფლაციისგან დაცული პროდუქტების შემოღებამ ლარიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

ავტორი: გიორგი შაგიძე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *