Formula 1-ის შვიდგზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი კინოინდუსტრიაში ახორციელებს ინვესტიციას – მან ახალი კინოსტუდია Dawn Apollo Films-ი დააფუძნა.
Deadline-თან ინტერვიუში ჰამილტონმა აღნიშნა, რომ კინემატოგრაფია და ხელოვნება მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მისი გატაცება, თუმცა სპორტული კარიერის გამო, მას ამ მიმართულებით მოღვაწეობისათვის საკმარისი დრო არასდროს ჰქონია.
მართალია, 37 წლის ბრიტანელი ჯერაც მოქმედი პილოტია და ის უმაღლეს სარბოლო ლიგაში Mercedes-AMG-ის ბოლიდით ასპარეზობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კინემატოგრაფია გახდეს სწორედ ის სფერო, სადაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ჰამილტონი მოღვაწეობას გააგრძელებს.
“ყოველთვის მიყვარდა ფილმები, მათ ყურებას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ, ეს რეალობიდან გაქცევისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. უამრავი ფილმია ისეთი, რომელიც შთამაგონებს და მაქვს სურვილი, თავადაც მივიღო მონაწილეობა კინოპროდუქტის შექმნაში.
მთავარი საკითხი ყოველთვის ის იყო, მოუცლელობიდან გამომდინარე, თუ როდის გადავდგამდი ქმედით ნაბიჯს. ცოტა ხნის წინ ჩემს გუნდს ვკითხე, რა იქნებოდა საჭირო კინოსტუდიის გასახსნელად? ამის შემდეგ, კონსულტაციის მისაღებად ლოს-ანჯელესში დავიწყე შეხვედრები სფეროს ექსპერტებთან, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჯეფრი კაცენბერგი (Disney-ს ყოფილი თავმჯდომარე).
ჩვენი მიზანი შთამაგონებელი ფილმების შექმნაა. ამ ახალი კინოსტუდიის ამოცანა ფილმებისა და სერიალების საშუალებით საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა იქნება – ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ჰამილტონმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მრბოლელი ამჟამად Apple TV-სთან ერთად ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც Formula 1-ის შესახებ იქნება და მასში მონაწილეობას ბრედ პიტი მიიღებს.
ცნობისთვის, ლუის ჰამილტონი ყველა დროის ყველაზე წარმატებული მრბოლელია, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს Formula 1-ის 103 გრან-პრიში აქვს გამარჯვება მოპოვებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია.