BBC Sport-ის ცნობით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ავტომრბოლელი ლუის ჰემილტონი Ferrari-ში გადასვლისთვის მზადაა. გადწყვეტილების შესახებ შესაძლოა დღეს, ხუთშაბათსვე გახდეს ცნობილი.
Ferrari-ში სურთ, 2025 წლისთვის ჰემილტონმა ლეკლერთან დუეტში იასპარეზოს.
39 წლის ჰემილტონმა გასული წლის ზაფხულში Mercedes-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, სავარაუდოდ, მას კონტრაქტის ერთ წელიწადში გაწყვეტაც შეუძლია.
მრბოლელის Ferrari-ში გადასვლის შესახებ ინფორმაცია იტალიურ და ესპანურ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი BBC Sport-მაც დაადასტურა.
მის ამ სვლასთან დაკავშირებით დისკუსია წლებია, მიმდინარეობს, მაგრამ თუ წყაროებს ვენდობით, ახლა მდგომარეობა განსხვავებულია.
Ferrari-ში და Mercedes-ში ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
BBC Sport-ს წყაროებმა აცნობეს, რომ Mercedes-ის გუნდს უკვე შეატყობინეს ჰემილტონის გადაწყვეტილების შესახებ.
დადასტურების შემთხვევაში, ეს ამბავი F1-ის ინდუსტრიაზე იმავე გავლენას მოახდენს, როგორიც ჰემილტონის McLaren-დან Mercedes-ში გადასვლამ მოახდინა 2013 წლის სეზონში.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი და მისი გუნდი 2014 წლიდან საუკეთესო პოზიციებზე არიან და ჰემილტონი F1-ის ისტორიაში საუკეთესო მრბოლელიც კი გახდა.
ლუის ჰემილტონმა აქამდე არაერთხელ თქვა, რომ მთელი კარიერის Mercedes-ში გატარება სურდა და ერთად არაერთ პროექტზეც მუშაობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ბრენდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მერვედ მოგების იმედი აღარ აქვს.