მადიარი უნგრეთის პრეზიდენტობის კანდიდატად მოჭადრაკე იუდით პოლგარის კანდიდატურას განიხილავს

მადიარი უნგრეთის პრეზიდენტობის კანდიდატად მოჭადრაკე იუდით პოლგარის კანდიდატურას განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი პრეზიდენტობის კანდიდატად ცნობილი მოჭადრაკის, იუდით პოლგარის კანდიდატურას განიხილავს. პრემიერის თქმით, 49 წლის პოლგარს უნგრეთის გაერთიანება შეუძლია.

როგორც მადიარი თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ის პოლგარს თავად შეხვდება და შეთავაზებასთან დაკავშირებით მის პოზიციასაც გაიგებს. „ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს. პრეზიდენტის ამოცანაა, ემსახუროს და წარმოადგინოს ყველა უნგრელი“, – წერს უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.

მადიარის განცხადებამდე, უნგრეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა ხელი მოაწერა კონსტიტუციურ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც საპრეზიდენტო უფლებამოსილება მას ვადაზე ადრე შეუწყდება. ინიციატივა მმართველმა პარტია „ტისამ“ უკვე მიიღო. მადიარის განცხადებით, ცვლილებები უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟს ემსახურება.

ცვლილებებით, პარლამენტს, რომელშიც „ტისას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ახალი პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება ენიჭება. პრეზიდენტი თანამდებობაზე ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ან, მაქსიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში დარჩება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი აგნეს ფორსტჰოფერი შეასრულებს.

კონსტიტუციური ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკა მოქმედმა პრეზიდენტმა და უფლებამოსილების ერთი წინადადებით შეწყვეტა უპრეცედენტო და სამარცხვინო ნაბიჯად შეაფასა. შუიოკის განცხადებით, ცვლილებები კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს საფრთხის ქვეშ აყენებს. თუმცა, შუიოკის განცხადებით, ხელმოწერაზე უარის თქმა თავად იქნებოდა კანონის დარღვევა, რის გამოც ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

ცნობისთვის, იუდით პოლგარი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკე ქალად არის მიჩნეული. ის ერთადერთი ქალია, რომელმაც საერთაშორისო რეიტინგში 2700-ქულიანი ზღვარი გადალახა. 1988 წელს იუდით პოლგარმა უნგრეთის ქალთა ნაკრებს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოაპოვებინა, რითაც საბჭოთა კავშირის მრავალწლიანი დომინირება დასრულდა.