ლუქსემბურგში დამფუძნებელი საერთაშორისო სერვისების მიმწოდებელი Majorel-ი იყიდება. ფრანგულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Teleperformance-მა Majorel-ის 3 მილიარდ ევროდ შესყიდვა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა, ხოლო აგვისტოში ოფიციალური შეთავაზების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. არგახანგრძლივების შემთხვევაში, შეთავაზების ვადა 2023 წლის 20 ოქტომბერს იწურება.
ორი კომპანიის კომბინაციამ 10 მილიარდ ევრომდე ოდენობის შემოსავლის ციფრული სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია უნდა შექმნას. ტრანზაქციას გაწერილი სტრატეგიული მიზნები აქვს, მათ შორისაა გეოგრაფიული მოცვის გაზრდა (აზიასა და აფრიკაში), კლიენტთა პორტფოლიოს დივერსიფიცირება და ახალი პროდუქტების განვითარების პოტენციალის გაზრდა.
Majorel-ის მენეჯმენტი და ზედამხედველობითი საბჭო ღიად უჭერს მხარს შეთავაზებას და მეწილეებს რეკომენდაციას აძლევს, მას დათანხმდნენ. კომპანიის მთავარი მეწილეები Bertelsmann-ი და Saham-ი არიან – თითოეული მათგანი 39.49%-იან წილს ფლობს.
Teleperformance-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ციფრული ბიზნესსერვისების მიმართულებით. 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა 8.1 მილიარდი ევრო, ხოლო წმინდა მოგებამ 645 მილიონი ევრო შეადგინა. მის მიერ დასაქმებულთა რიცხვი 410,000-მდეა.
რაც შეეხება Majorel-ს, მისმა შემოსავალმა 2022 წელს 2.1 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო მოგებამ 170 მილიონ ევროს. კომპანია მსოფლიოს 45 ქვეყანაში 82,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
აღსანიშნავია, რომ Majorel-ი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და მისი ძირითადი საქმიანობა კლიენტებთან ურთიერთობის მართვის მომსახურების გაწევაა.
შვილობილი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო, 2021 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივების ღირებულება 119.9 მილიონ ლარს შეადგენს. ამავე წელს შემოსავალმა 173.4 მილიონი, ხოლო მოგებამ 49.9 მილიონი ლარი შეადგინა. დღეს კომპანიაში 2,600 ადამიანზე მეტია დასაქმებული.