Chronicle of Philanthropy-ის თანახმად, 2020 წლის შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ქალმა, მაკენზი სკოტმა ქველმოქმედებისთვის $14.1 მილიარდზე მეტი გაიღო. სკოტის შემოწირულება, რომელიც მისი ქონების თითქმის ნახევარს შეადგენს, 1,621-მდე საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდა.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს, სკოტის ფონდ Yield Giving-ის საშუალებით, შემოწირულების მიღების შესახებ განცხადება 17-მა არაკომერციულმა ორგანიზაციამ გააკეთა. Chronicle of Philanthropy-ის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს, სკოტის ქველმოქმედების საერთო მოცულობა $97 მილიონს აღწევს, საშუალოდ თითო ბენეფიციარისთვის $1 მილიონიდან $15 მილიონამდე დონაციით.
აღსანიშნავია, რომ თავად მილიარდერი, მისი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და ამ გადაწყვეტილებას თავად მიმღებ ორგანიზაციებს უტოვებს. შესაბამისად, სკოტის წარსული შემოწირულებებიდან გამომდინარე, წლევანდელი 17 გასაჯაროებული დონაცია, დიდი ალბათობით, ბევრად დიდი ქველმოქმედების მხოლოდ ნაწილია.
თავად ბენეფიციარები ფილანთროპის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს მათ საშუალებას უტოვებს თავადვე გადაწყვიტონ, თუ რა არის უკეთესი მათი ორგანიზაციისთვის.
ცნობისთვის, მაკენზი სკოტმა 2019 წელს ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის შექმნილ Giving Pledge-ის ინიციატივას მოაწერა ხელი, რომელიც ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებას ითვალისწინებს. ბოლო მონაცემებით, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, სკოტი $36.1 მილიარდით, 35-ე პოზიციას იკავებს.