გლობალური მიწოდების კრიზისის ფონზე, საკვები ზეთის დეფიციტის შესავსებად, მალაიზია პალმის ზეთზე საექსპორტო გადასახადის განახევრების საკითხს განიხილავს. მალაიზიის მთავრობის გეგმა, ბაზარზე მათი ქვეყნის, როგორც პალმის ზეთის მსოფლიოში მეორე უდიდესი მწარმოებლის წილის ზრდასაც შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ნედლი პალმის ზეთის ფიუჩერსები მიმდინარე წელს დაახლოებით 35%-ით გაიზარდა, რამაც გლობალური სასურსათო ინფლაციის მასშტაბების ზრდა გამოიწვია. პლანტაციის მრეწველობისა და სასაქონლო წარმოების სამინისტროს შეთავაზებით, ფინანსთა სამინისტრომ დეტალების შესასწავლად კომიტეტი შექმნა. მინისტრ ზურაიდა კამარუდინის განცხადებით, მალაიზიას გადასახადის დროებითი შემცირება არსებული 8%-დან 4-6%-მდე შეუძლია. სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ივნისის დასაწყისში გახდება.
ფინანსთა სამინისტროსთვის მიმართვაში მინისტრმა მალაიზიის უმსხვილესი პალმის ზეთის მწარმოებელი კომპანია FGV Holdings-ისა და უცხოური მწარმოებელი კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებაც მოითხოვა. გარდა ამისა, ქვეყანა შეანელებს B30 ბიოდიზელის მანდატის განხორციელების პროცესს, რაც ქვეყნის ბიოდიზელში 30%-ით პალმის ზეთის შერევას ითვალისწინებს და ძირითადად გლობალურ და შიდა კვების ინდუსტრიების მიწოდებაზე კონცენტრირდება.
პალმის ზეთი, რომელიც მცენარეული ზეთის გლობალური მიწოდების თითქმის 60%-ს შეადგენს, გამოიყენება ყველაფერში – ნამცხვრებით დაწყებული, სარეცხი საშუალებებით დასრულებული. ინდონეზიამ, რომელიც მსოფლიოს საკვები ზეთის დაახლოებით მესამედით ამარაგებს, პალმის ზეთის ექსპორტზე ყოვლისმომცველი აკრძალვა დააწესა, რაც გლობალური ინფლაციის ფონზე შიდა ბაზრის დაცვის მიზნით ახსნა.