სამუშაო მაგიდა ოკეანის ხედით, პირადი ასისტენტი, უწყვეტი დასვენება და სხვა სერვისები. ეს შესაძლოა ძალიან ზღაპრულად ჟღერდეს, თუმცა, დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის, ამ მომსახურებას მალდივებზე მდებარე ერთ-ერთი ძვირადღირებული საკურორტო კომპლექსი უზრუნველჰყოფს. ამის შესახებ CNN წერს.
The Nautilus Maldives-ი, რომელიც 1 სექტემბერს ხელახლა გაიხსნა, მსურველებს სთავაზობს “სამუშაო პაკეტს“, რათა მათ შეძლონ მოწყდნენ სახლის სამუშაო რუტინას და ულამაზეს კუნძულზე გააგრძელონ მუშაობა.
თუმცა, ასეთი შეთავაზება სულაც არ ღირს იაფი. შვიდი ღამით დარჩენა ორი ადამიანისთვის, მალდივების საკურორტო ზონაში, რომელიც 26 სანაპიროს და ოკეანისპირა სახლებს მოიცავს, $23,250 ღირს, ორ და სამკვირიანი დარჩენა კი $37,850 და $52,000 ჯდება.
როგორც The Nautilus-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დისტანციურად მუშაობისთვის ჩასულ ადამიანებს შესთავაზებენ ყოველდღიურად იოგას, ფიტნესის და მედიტაციის გაკვეთილებს, ასევე დელფინების სანახავად მზის ჩასვლის დროს გასეირნებას იახტებით და ა.შ.
მალდივები ყველა ტურისტისთვის ღიაა, ვისაც ექნება კორონავირუსის ტესტი ჩატარებული კუნძულზე ჩასვლამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე.
ცნობისთვის, ბარბადოსი და ბერმუდაც სთავაზობს დისტანციურად მომუშავე ტურისტებს სამუშაო ვიზას ერთ წლამდე ვადით, ხოლო აშშ-ში სასტუმროების ნაწილი ვიზიტორებს სპეციალურად “სამუშაო პაკეტს“ სთავაზობს.