მალე აპოკალიფსია

მალე აპოკალიფსია

ჰეჯ-ფონდის ნათელმხილველი რობერტ გიბინსი ფსონს ჩადის, რომ კლიმატის ცვლილება ყველაფერს მალე შეცვლის და მას $5.5 მილიარდი აქვს მზად. 

ჟენევაში მცხოვრებმა რობერტ გიბინსმა ნოემბრის შემდეგ დედამიწა  რამდენიმეჯერ გადასერა რათა დასწრებოდა სამეცნიერო კონფერენციებს არიზონაში, ესპანეთსა და ავსტრიაში. კონფერენციებს  ერთი საერთო თემატიკა ჰქონდა – კლიმატის ცვლილება და მათ ესწრებოდნენ მეცნიერები, ბიუროკრატები და პოლიტიკოსები. კონფერენციებს აშკარად არ დასწრებია ერთი ჯგუფი.  „მე არ მინახავს იქ სხვა ინვესტორები”, – ამბობს გიბინსი. 

ეს მას აოცებს. „კლიმატის ცვლილება ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყოველი ანალიზისას, ყოველ ინვესტიციაში“, – ამბობს იგი. ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს და იმედოვნებს, რომ გლობალურ დათბობასთან საქმე ექნებათ მათ შვილებს ან შვილიშვილებს. გიბინსი ასე არ თვლის. Autonomy Capital-ის ($5.5-მილიარდიანი აქტივებით) 49 წლის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება მოხდება მოულოდნელად და მალე. 

ყველა ფსონს, რომელსაც მისი ჰეჯ-ფონდი განათავსებს, იგი აგებს იმ საკუთარი რწმენის გარშემო, რომ მსოფლიოს მომავალი იქნება გადახურებული და წყალქვეშა, და რომ ნახშირორჟანგი ამ მომავალში იქნება ძვირად ღირებული ნარჩენი პროდუქტი, რომელიც უნდა დაიჭირო და შეინახო. გიბინსმა უკვე გააკეთა კარგი ფული ევროპაში ნახშირორჟანგის ფიუჩერს-კონტრაქტებით ვაჭრობით და მომავალში კიდევ უფრო მოგებიან თამაშს ელოდება. 

გიბინსს აქვს ძლიერი სვლების შთამბეჭდავი გამოცდილება. მისი ფონდი, რომელიც დიდ ფსონებს განათავსებს ფართო ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციების სფეროში, წარმოადგენს გამორჩეულ ინდუსტრიას, რომლის საშუალო წმინდა წლიური მოგება შეადგენს 12.85%-ს, დაწყებული 2003 წლის ნოემბრიდან, როდესაც იგი დაფუძნდა.  შედარებისათვის S & P 500 ინდექსი 8.9%-ს არ აღემატება. 

გიბინსი – უძრავი ქონების აგენტის შვილი ვანკუვერიდან, რომელსაც უყვარს თხილამურები და გართობა სუფთა ჰაერზე, Autonomy-ს დაფუძნებამდე  გზად   პენსილვანიის უნივერსიტეტსა და JPMorgan-ისა და Lehman Brothers-ის ოფისებში „შეჩერდა “. მას სწამს, რომ ბევრი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისათვის კლიმატის ცვლილება უძლიერესი სტრესი იქნება. თუკი ქვეყანა უკვე ახლა არის „ხელით სათრევი“, მისი მდგომარეობა მომავალში კიდევ უფრო გართულდება, ვინაიდან ოკეანის დონე განაგრძობს აწევას და მიმდინარეობს სხვა სწრაფი  ცვლილებები. „იაფფასიანი მაისურების, მანქანებისა და ნახევარგამტარების წარმოება აღარ არის საკმარისი“,  – ამბობს იგი. სწორედ ამიტომ გიბინსმა ცოტა ხნის წინ გაყიდა თურქეთისა და სამხრეთ აფრიკის ვალები და ვალუტა. ორივე ქვეყნის მთავრობებს – რეჯეპ ტაიპ ერდოღანს თურქეთში და ANC პარტიას სამხრეთ აფრიკაში გიბინსი მიიჩნევს სრულიად უნიათოდ. „თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:  იყოთ მართული ANC-სა ან ერდოღანის მიერ, ან იყოთ თანამედროვე სამრეწველო ეკონომიკა, – ამბობს იგი, – ერთდროულად ორივე ვერ იქნებით“.

ამის საპირისპიროდ, იგი აპირებს არგენტინის აქტივების შენარჩუნებას. ამ ქვეყანაში თავისი ბოლო მოგზაურობისას გიბინსმა აღმოაჩინა, რომ ხალხი გადაიღალა ეკონომიკური გაჭირვებისა და წარუმატებელი პოლიტიკის ათწლეულის შემდეგ, რამაც დაარწმუნა იგი, რომ ქვეყანა აღარ დააბრუნებს პოპულისტ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერს ხელისუფლებაში (ბოლოს პრეზიდენტის პოსტი მას 2015 წლის დეკემბერში ეკავა). ქვეყნის ვალი კატასტროფულ ნიშნულს აღწევს. „ჩემი აზრით, არგენტინის საზოგადოებამ საკმარისი გადაიტანა. მათ აღარ უნდათ პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მომდევნო სამი დღისათვის არის განსაზღვრული”, – ამბობს გიბინსი. 

მას მიაჩნია, რომ დღეს ყველა გამოცდილ ინვესტორს აქვს წვდომა უზუსტეს სამთავრობო და ეკონომიკურ მონაცემებზე. წელიწადში გიბინსი 150 დღეს მოგზაურობაში ატარებს, იმისათვის, რომ მიაგნოს საუკეთესო ვარიანტებს

და მოელის იმავე ძალისხმევას 24 საინვესტიციო პროფესიონალისა და ეკონომისტისაგან, რომლებიც მასთან მუშაობენ. იგი ხვდება ადგილობრივ ბიუროკრატიას, ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს იმისათვის, რომ შეაფასოს, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად კარგად ფუნქციონირებენ ადგილობრივი ინსტიტუტები და შეუძლიათ თუ არა მათ, გაუმკლავდნენ ისეთ გამოწვევას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება.

რაც შეეხება ცალკეულ აქციებს, აშკარაა, რომ უნდა მოერიდო AllState-სა და Travelers-ის მსგავს ქონების დაზღვევის კომპანიებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ აცდებიან გაზრდილ ხარჯებს, ვინაიდან მოუწევთ უამინდობით გამოწვეული უფრო და უფრო მეტი ზარალის დაფარვა. გიბინსი არ ყიდულობს ასეთ აქტივებს. იგი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიებს თავისუფლად შეეძლოთ უკეთ ეგრძნოთ თავი თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ბიზნესი უმეტესად მოკლე ვადებს აზღვევს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, შეცვალონ თავიანთი პროდუქტის ფასები. გიბინსი ამბობს, რომ REIT- ებს (უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი) გაცილებით მეტი რისკი აქვთ. 

გსურთ კიდევ უფრო არასტანდარტული აზროვნება? მიუხედავად ტრამპის  გადაწყვეტილებისა, გაიყვანოს აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, გიბინსს მიაჩნია, რომ საბოლოოდ აშშ ევროპასთან ერთად იტვირთავს ლიდერობას გლობალურ შეთანხმებაში, რომელიც ზღუდავს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის რაოდენობას და დააჯარიმებს ქვეყნებს, რომლებიც დაარღვევენ ამ შეთანხმებას. ამგვარად, გიბინსი ფიქრობს, რომ ყველაზე ძლიერ დარტყმებს მიიღებს ისეთი დიდი ნავთობის აქციები, როგორიცაა Exxon-ი, ან ნიგერიის მსგავსად ნავთობდამოკიდებული ქვეყნების ვალუტა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *