ევროპული კუნძული მალტა ამ ზაფხულს თითოეულ მოგზაურს შერჩეულ სასტუმროებში სამ დღეს დაუფინანსებს. ინიციატივა მალტის ტურიზმის სააგენტომ საერთაშორისო ტურიზმის განახლების მიზნით შეიმუშავა. მოგზაური მიიღებს 100 ევროს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დაჯავშნისთვის, 75 ევროს – ოთხვარსკვლავიანისთვის, ხოლო 50 ევროს – სამვარსკვლავიანისთვის.
მოგზაურს ამდენივეს გადაუხდიან სასტუმროებიც, რაც ნიშნავს, რომ მას შესაძლებლობა ეძლევა, გაორმაგებული თანხა გამოიმუშაოს. კერძოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სამდღიანი დასვენების სანაცვლოდ – 200 ევრო. ამასთან, მოგზაურები, რომლებიც მალტის პატარა კუნძულ გოზოს ესტუმრებიან, აღნიშნულ თანხასთან ერთად დამატებით 10%-ს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმი მალტის სახელმწიფო ბიუჯეტის 27%-ზე მეტს შეადგენს. 2019 წელს ევროპულ კუნძულს 2.7 მილიონი უცხოელი ესტუმრა, თუმცა პანდემიის გამო ეს რიცხვი 80%-ით შემცირდა.
საყურადღებოა ისიც, რომ მალტის კუნძულებზე იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ამასთან, მალტას ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
საერთო ჯამში, მოგზაურთა მოსაზიდი კამპანია მალტას დაახლოებით 3 500 000 ევრო დაუჯდება და ეს წამოწყება უცხოელი ტურისტებისთვის ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა, ესტუმრონ მდიდარი ისტორიის, ულამაზესი სანაპიროსა და კინემატოგრაფიული ფონის მქონე მალტას.
დანიშნულების ადგილებს შორის არის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები: ვალეტა და გოზო.