მამარდაშვილის შეძენით „ბაიერნი“ დაინტერესდა - ფაბრიციო რომანო

მამარდაშვილის შეძენით „ბაიერნი“ დაინტერესდა - ფაბრიციო რომანო

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სატრანსფერო სამიზნეების ჩამონათვალშია. როგორც რომანო წერს, მართალია გერმანიის ბუნდესლიგის კლუბი ამჟამად სხვა ტრანსფერებზეა გადართული, თუმცა ქართველი მეკარე 100%-ით მის სიაშია.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნის“ პირველი ნომრის, მანუელ ნოიერის ტრავმის გამო კლუბმა მის პოზიციაზე იან სომერი მიიყვანა, რომელიც, როგორც ჩანს, გერმანელთა შემადგენლობას მალე დატოვებს. ტრავმირებული ნოიერის დაბრუნების შემდეგ, თუ მამარდაშვილსა და „ბაიერნს“ შორის შეთანხმება შედგა, დიდი ალბათობით, ქართველს კლუბში მისი შემცვლელის როლის მორგება მოუწევს.

გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ესპანური „ვალენსიის“ ღირსებას იცავს, ლა ლიგაში 2022/23 წლების სეზონში თავი არაერთხელ გამოიჩინა, მიუხედავად ლიგაში მისი კლუბის არც თუ ისე სახარბიელო ასპარეზობისა. ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელსა და ვალენსიელებს კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ.

შეგახსენებთ, მამარდაშვილი პირველად „ვალენსიაში“ იჯარით „დინამო თბილისიდან“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ დროს მისი საბაზრო ღირებულება 800,000 ევროს შეადგენდა. 2022 წლის იანვარში ესპანელებმა ქართველის შეძენა გადაწყვიტეს და სანაცვლოდ მასში 850,000 ევრო გადაიხადეს. მოცემული დროისთვის, Transfermarkt-ზე გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.