მარტში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა - PMC

მარტში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა - PMC

კვლევითი ცენტრი PMC დასაქმების განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, 2022 წლის მარტში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის მონაცემებთან შედარებით – 5.3%-ით.

საერთო ჯამში, 2021 წლის IV კვარტალში ქვეყანაში სამუშაო ძალა 1.53 მილიონ ადამიანს შეადგენდა. აქედან 1.24 მილიონი დასაქმებული იყო, უმუშევართა რაოდენობა 291,000-ს უტოლდებოდა. აღნიშნულ პერიოდში საშუალო ნომინალური ხელფასი 1,463 ლარს შეადგენდა, უმუშევრობის დონე კი 19%-იან ნიშნულზე იყო.

0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს 228,000 მოქალაქე იღებდა; 600-დან 1,200 ლარამდე ხელფასს – 249,000 მოქალაქე; 1,200-დან 2,400 ლარამდე ხელფასს – 266,000-მდე დასაქმებული; 173,000 მოქალაქეს კი 2,400 ლარზე მეტი ხელფასი ჰქონდა.

PMC-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 24%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

მარტში 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს დასაქმებულთა 16.6% იღებდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

გასულ თვეში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით არის გაზრდილი. იმ პირთა რაოდენობა კი, რომლებიც 9,600 ლარზე მეტ ხელფასს იღებდნენ, დასაქმებულთა 1.5% შეადგენდა.