ფოტო: Kevin Lamarque/Reuters
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აშშ-ში ჩასულ სის ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დახვდა. ორივე ქვეყანა, ამჟამად, AI-სთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთებებისა და არასტაბილური სავაჭრო ზავის ფონზე ურთერთობების რეგულირებას ცდილობს.
სი ძინპინის აშშ-ში ჩასვლიდან მალევე გამოიკვეთა ის გარკვეული საკითხები, რომლებზეც მხარეებს ერთიანი პოზიცია აქვთ. ქვეყნების პირველი პირების აეროდრომზე შეხვედრიდან მცირე ხანში, აშშ-ის ხაზინადარმა, სკოტ ბესენტმა სავაჭრო შეთანხმების ორი თვით გახანგრძლივების შესახებ განაცხადა. ბესენტის შეფასებით, ზავის გახანგრძლივება მათ მუშაობისთვის დამატებით დროს მისცემს. შეთანხმების პირობებით, ვაშინგტონი ჩინური საქონლის ნაწილზე ტარიფებს კვლავ არსებულ დონეზე შეინარჩუნებს, სანაცვლოდ კი პეკინი აშშ-ში იშვიათი მინერალებისა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის ნედლეულის მიწოდებას უზრუნველყოფს.
დახვედრის მასშტაბური ცერემონია, რომელიც წითელ ხალიჩასა და ამერიკელი სამხედროების საპატიო რიგს, ასევე სამხედრო ავიაციის გადაფრენას მოიცავდა, თითქმის ორდღიანი ვიზიტის დასაწყისია. სი ძინპინის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში კიდევ ერთი ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, დანიშნულია პრეზიდენტებს შორის შეხვედრაც და ოფიციალური ვახშამიც.
ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ოფიციალურ ვახშამს, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება ამერიკის უმსხვილესი ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან, მათ შორის, სავარაუდოდ, OpenAI-ის, Google-ისა და Nvidia-ს წარმომადგენლები.
ტრამპისა და სი ძინპინის ორდღიანი შეხვედრების დღის წესრიგშია ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული საფრთხეებიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, რომელიც ჩინეთიდან წამოსულ კიბერსაშიშროებებზე, მათ შორის რისკებზე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, აქტიურად საუბრობს.
ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი შიშობს, რომ AI-მ შესაძლოა პეკინისთვის კიბერშეტევების განხორციელების შესაძლებლობა და სამხედრო კოდებზე წვდომა უზრუნველყოს. ასევე, ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის მთავრობამ ჩინური AI-კომპანიები ამერიკული ფირმებიდან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების კოპირებაშიც დაადანაშაულა. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა მსგავსი ბრალდება აპრილში, ტრამპის პეკინში ვიზიტამდეც გააჟღერა.
საინტერესოა, რომ ბესენტმა, რომელმაც ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგს მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის შტაბ-ბინაში უმასპინძლა, შეხვედრის დასრულების შემდეგ AI-ზე საკომუნიკაციო „ცხელი ხაზის“ შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. „ცხელი ხაზის“ საშუალებით, ქვეყნები ერთმანეთს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ შეატყობინებდნენ. თუმცა, ბესენტის განცხადების მიუხედავად, პეკინს ეს საკითხი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ანალიტიკოსების შეფასებით, მცირეა ალბათობა იმისა, რომ მხარეებს შორის AI-ის თაობაზე თანამშრომლობა შედგება, რაც ტექნოლოგიის სფეროში ურთიერთნდობის ნაკლებობას უკავშირდება. ამასთან, არც ერთ მხარეს არ გამოუხატავს ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შენელებისადმი მზადყოფნა. პირიქით, ტრამპმა, გაეროს ასამბლეაზე გამოსვლისას, ხელოვნურ ინტელექტს „სუპერინტელექტი“ უწოდა და ამ მიმართულებით აშშ-ის ლიდერობის პირობა დადო.
ბოლოს კი, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავარაუდოდ ქვეყნების მეთაურები მოლაპარაკებებისას შეეხებიან, ირანში მიმდინარე ომი იქნება. ამერიკული მხარე, ირანთან სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან, პეკინს თეირანის მხარდაჭერაში, მათ შორის მისთვის სატელიტური სურათების მიწოდებასა და სადაზვერვო თანამგზავრზე წვდომის უზრუნველყოფაში ადანაშაულებს.
თავის მხრივ, ირანის მიმართ პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება საკმაოდ მკაცრია, რაც მან ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეაზე სიტყვით მიმართვისასაც დაადასტურა. აშშ-ის პრეზიდენტმა თეირანი მკაფიო არჩევანის წინაშე დააყენა — ვაშინგტონთან შეთანხმება და ქვეყნის აღდგენა, ან ისლამური რესპუბლიკის სწრაფი „განადგურება“. ამის შემდგომ კი იწინასწარმეტყველა, რომ ომის დასრულებაზე შეთანხმება ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღწევა.













