Forbes: აშშ-ის 400 უმდიდრეს ადამიანს ქველმოქმედებისთვის კოლექტიურად მხოლოდ 4.4% აქვს გაღებული

Forbes: აშშ-ის 400 უმდიდრეს ადამიანს ქველმოქმედებისთვის კოლექტიურად მხოლოდ 4.4% აქვს გაღებული
Illustration by Neil Jamieson for Forbes

 

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. Forbes 400-ში  მოსახვედრად წელს რეკორდული $4.4 მილიარდი იყო საჭირო – $600 მილიონით მეტი, ვიდრე 2025 წელს და $2.7 მილიარდით მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. რეიტინგში შემავალი 400 ადამიანი ჯამურად $8 ტრილიონს ფლობს, რაც გასულ წელთან შედარებით $1.4 ტრილიონით მეტია.

ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური ქონების 21%-იანი ზრდის მიუხედავად, ამ ტემპს მათი ქველმოქმედების მოცულობა ჯერ ვერ დაეწია. Forbes-ის გამოთვლებით, Forbes 400-ში შემავალ პირებს ქველმოქმედებისთვის ჯამში, სულ მცირე, $366 მილიარდი აქვთ გაღებული, რაც გასული წლის მაჩვენებელზე $47 მილიარდით მეტია.

თუმცა მათი საერთო ქონების გათვალისწინებით, შემცირებულია აშშ-ის უმიდრესი ადამიანების მიერ ქველმოქმედებაზე დახარჯული თანხის წილი. კერძოდ, Forbes 400-ის წევრებს, მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, საქველმოქმედო მიზნებისთვის მხოლოდ 4.4% აქვთ გაღებული, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2025 წელს – 4.6%, ხოლო 2024 წელს 5% იყო.

ამერიკული Forbes-ი რეიტინგის თითოეულ წევრს ე.წ. Lifetime Giving Score-საც ანიჭებს — 2026 წლის ქონებისა და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაღებული თანხების საფუძველზე. შეფასება 1-დან 5 ქულამდე მერყეობს და, მაგალითისთვის, გულისხმობს, რომ მათ, ვისაც 1 ქულა აქვს, ქველმოქმედებისთვის საკუთარი ქონების 1%-ზე ნაკლები აქვთ გაღებული, ხოლო 5 ქულა — მათ, ვინც 20% ან მეტი გაიღო.

Forbes-ის მონაცემებით, რეიტინგში შემავალ მილიარდერთა თითქმის 80%-ს 1 ან 2 ქულა აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ მათ ქონების 5%-ზე ნაკლები აქვთ ქველმოქმედებისთვის გაღებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა 2020 წელს  მსგავსი შეფასებების გამოქვეყნება დაიწყო.

ამასთან, რეიტინგში შემავალი ადამიანების 40%-ზე მეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ქონების 1%-ზე ნაკლები აქვს გაღებული საქველმოქმედო მიზნებისთვის. ხოლო Forbes 400-ის 45-მდე წევრს ქველმოქმედებისთვის თითქმის არაფერი აქვს გაღებული.

მაგალითისთვის, ილონ მასკს, რომელიც Forbes 400-ის რეიტინგში $908 მილიარდით პირველ ადგილს იკავებს, გამოცემა ქველმოქმედებისთვის მხოლოდ 1 ქულას ანიჭებს. როგორც ცნობილია, მასკს, თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ $0.5 მილიარდი აქვს გაცემული, რაც მისი ქონების მხოლოდ 0.06%-ია. მსგავსად, 1 ქულა აქვს მინიჭებული Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯს, რომლის მიერაც საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყოფილი $0.1 მილიარდი მისი ქონების მხოლოდ 0.03%-ია.

საპირისპირო მხარეს არიან Gates Foundation-ის დამფუძნებლები: ბილ გეიტსი და მელინდა ფრენჩ გეიტსი. ამერიკული Forbes-ის თებერვლის შეფასებით, მათ სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი 28%-ია. ასევე მაქსიმალური 5 ქულა აქვთ მინიჭებული უორენ ბაფეტს (სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 32%) და მაქკენზი სკოტს – 46%. ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეიტსები, უორენ ბაფეტთან ერთად, Giving Pledge-ის დამფუძნებლები და ხელმომწერები არიან. ინიციატივაზე ხელმოწერით მილიარდერები მათი სიცოცხლის განმავლობაში ქონების ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ.

საერთო ჯამში, იმ ამერიკელ მილიარდერებს შორის, რომელთაც ქველმოქმედებისთვის 20%-ზე მეტი აქვთ გაღებული და შესაბამისად, მაქსიმალური 5 ქულა დაიმსახურეს, არიან: უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway), რიდ ჰასტინგსი (Netflix), დასტინ მოსკოვიცი (Facebook), მაქკენზი სკოტი (Amazon), ამოს ჰოსტეტერ უმცროსი (საკაბელო ტელევიზია), მაიკლ ბლუმბერგი (Bloomberg LP), მიტჩელ რალესი (წარმოება, ინვესტიციები), ედით ბროდი და ოჯახი (მშენებლობა, დაზღვევა), მერილინ საიმონსი და ოჯახი (ჰეჯ-ფონდები), ჯორჯ სოროსი (ჰეჯ-ფონდები), ბილ გეიტსი (Microsoft), ლინ შუსტერმანი და ოჯახი (ნავთობი და გაზი, ინვესტიციები), მელინდა ფრენჩ გეიტსი (Microsoft).