ფოტო: AFP via Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვაშინგტონის მიმდებარედ დაგეგმილ ტრიუმფალური თაღის პროექტში ცვლილებები დააანონსა. ტრამპის განცხადებებით, თაღი მხოლოდ მონუმენტი აღარ იქნება და მასში სამხედრო ტექნიკის შესანახი და საჭიროების შემთხვევაში დრონებისა და სნაიპერების სწრაფად განლაგებისთვის განკუთვნილი სამხედრო კომპლექსიც მოეწყობა.
შესატანი ცვლილებების შესახებ ტრამპმა კვირა დილას, Truth Social-ზე პოსტის საშუალებით განაცხადა და განმარტა, რომ პროექტის განახლება აშშ-ის სამხედროების მაღალი მოთხოვნისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე იგეგმება.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ნაგებობაში სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდება, რომელიც დიდი რაოდენობით დრონების დაუყოვნებლივი გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ტრამპის განმარტებითვე, სნაიპერების განთავსება შესაძლებელი იქნება თაღის სახურავსა და მოედნის ტერიტორიაზე, ხოლო თავად შენობაში დიდი რაოდენობით სნაიპერული საბრძოლო მასალის მარაგიც დაეტევა.
ამერიკული გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოსთან დაახლოებით 76 მეტრის სიმაღლის ტრიუმფალური თაღის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ეს ერთ-ერთი უკანასკნელია იმ მასშტაბური პროექტების სერიიდან, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონში ხორციელდება.
ამერიკის თაღი Memorial Circle-ის ტერიტორიაზე, ლინკოლნის მემორიალსა და არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოს შორის განთავსდება. მისი დიზაინი კი პარიზის ტრიუმფალური თაღის მსგავსი იქნება. „დიდი ტრიუმფალური თაღისა და სამხედრო სადამკვირვებლო მოედნის“ ღირებულებამ შესაძლოა $100 მილიონს მიაღწიოს. თუმცა ოფიციალური შეფასება ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ წარუდგენია.
პრეზიდენტ ტრამპს პროექტის ცვლილებების შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპისთვის არ გაუსაჯაროებია. ასევე უცნობია, დასჭირდება თუ არა სამხედრო კომპლექსს დამატებით დამტკიცება ან შეიცვლება თუ არა პროექტისთვის გათვალისწინებული ვადები.















