მასკი Twitter-ის CEO-ს თანამდებობას ტოვებს - შემცვლელი ნაპოვნია

მასკი Twitter-ის CEO-ს თანამდებობას ტოვებს - შემცვლელი ნაპოვნია

ილონ მასკმა მის მფლობელობაში არსებული სოციალური პლატფორმა Twitter-ისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორი უკვე შეარჩია. მილიარდერს თავისი შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება, პოზიციას NBCUniversal-ის აღმასრულებელი, ლინდა იაკარინო დაიკავებს.

„მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ Twitter-ისთვის ახალი CEO უკვე შერჩეულია და ის (She) მუშაობას ექვს კვირაში შეუდგება“, – ვკითხულობთ მასკის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტში. თავად მილიარდერი, გადადგომის შემდეგ, სოციალური პლატფორმის ტექნოლოგიური მიმართულებით მთავარი ოფიცრის პოზიციას დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა გადადგომა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, ორთვიანი მმართველობის შემდეგ დააანონსა. მილიარდერმა Twitter-ზე საჯარო გამოკითხვა წამოიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს პლატფორმის მომხმარებლებს მიანდობდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ჯამში 17.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რომელთა 57.5%-მა მასკის შეკითხვას, „უნდა გადავდგე თუ არა Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან“, დადებითად უპასუხა.

რაც შეეხება მასკის პოტენციურ შემცვლელს, იაკარინო, NBCUniversal-ის სარეკლამო გაყიდვების მთავარი აღმასრულებელია. სპეციალისტი NBCU-ს 2011 წელს, Turner Entertainment-ი გატარებული 15 წლის შემდეგ შეუერთდა. თავად იაკარინოს, გავრცელებულ ხმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

იაკარინო და მასკი ერთმანეთს გასულ თვეს, მაიამიში გამართული სარეკლამო კონფერენციისას შეხვდნენ. კონფერენციაზე იაკარინომ აუდიტორიას მასკის მისალმებისკენაც მოუწოდა და მილიარდერი მისი სამუშაო ეთიკის გამო შეაქო.