Adidas-ი Yeezy-ის მარაგის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ქველმოქმედებას მოახმარს

Adidas-ი Yeezy-ის მარაგის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ქველმოქმედებას მოახმარს

Adidas-მა კანიე უესტთან შეწყვეტილი პარტნიორობის შედეგად დარჩენილი Yeezy-ის მარაგის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის ინფორმაციით, საქონლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი, კანიეს განცხადებებით დაზარალებული ადამიანების წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქველმოქმედო მიზნით გადაეცემათ.

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ კანიე უესტთან პარტნიორობის გაწყვეტის გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში, მუსიკოსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ანტისემიტური შინაარსის განცხადებების შემდეგ მიიღო. კანიესთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექციის გაყიდვიდან ამოღების შედეგად, გერმანული ბრენდის საწყობში Yeezy-ის მილიონობით წყვილი ფეხსაცმელი დარჩა, რომლის საერთო ღირებულებაც €1.2 მილიარდს უტოლდება.

დარჩენილი მარაგის გაყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ გულდენმა ინვესტორებს გერმანიაში გამართულ აქციონერთა შეხვედრაზე გააცნო. აღსანიშნავია, რომ გამოსვლისას ბიორნმა თავის დროზე Adidas-ის მიერ კანიესთან თანამშრომლობაზე მიღებული გადაწყვეტილებაც დაიცვა და დასძინა, რომ  მუსიკოსი ალბათ ყველაზე კრეატიული ადამიანია იმ ინდუსტრიაში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

უესტთან შეწყვეტილი თანამშრომლობა კი გერმანულ ბრენდს შესაძლოა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველ წლიურ ზარალად დაუჯდეს. წინასწარი შეფასებით, Yeezy-ის კოლექციის ჩამოწერით, 2023 წელს, Adidas-მა შესაძლოა 700 მილიონი ევროს საოპერაციო ზარალი ნახოს.