მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის განცხადებით, მისი კომპანია Neuralink-ი ტვინში ჩასანერგი უსადენო ჩიპების ადამიანებზე გამოცდას ექვს თვეში დაიწყებს. მილიარდერმა ახლახან გამართულ ღონისძიებაზე “show and tell” ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ერთ-ერთი ასეთი იმპლანტის ჩადგმას თავადაც აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანიამ კლინიკური ტესტირების დაწყების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო. ბიოტექნოლოგიური სტარტაპი საკუთარი ჩიპების ადამიანებზე გამოცდას თავდაპირველად 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავდა. 2021 წლის დეკემბერში კი მასკმა განაცხადა, რომ მოწყობილობის კლინიკური ტესტირება წელს უნდა დაწყებულიყო.
„გვსურს, ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად და დარწმუნებულნი, რომ მოწყობილობა კარგად იმუშავებს, სანამ მას ადამიანის ტვინში ჩავნერგავთ“, – განაცხადა მასკმა ჩიპთან დაკავშირებით საჯარო განახლების დროს.
ცნობისთვის, ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში ილონ მასკმა იუტუბის არხის მეშვეობით საზოგადოებას ღორი წარუდგინა, რომელსაც ტვინში Neuralink-ის ჩიპი ჰქონდა ჩანერგილი. მიმდინარე წლის აპრილში მან ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენები იყო, როგორ თამაშობდა კომპიუტერში პინგ-პონგს მაიმუნი, რომელიც ამისთვის მხოლოდ გონებას იყენებდა. პრიმატმა ეს თავის ტვინში ჩადგმული მიკროჩიპის დახმარებით შეძლო.