MASTERCARD-ის მხარდაჭერა ქართულ ტურიზმს

MASTERCARD-ის მხარდაჭერა ქართულ ტურიზმს

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  

საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლა. COVID- 19-ის პანდემიის დროს ამ რანგისა და მნიშვნელობის საერთაშორისო ღონისძიების გამართვით საქართველო მსოფლიო მედიის ფოკუსში ხვდება როგორც პანდემიის თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა.

ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელი გაიმართა, რომელში მონაწილეობითაც საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიას საკუთარი ბიზნესხედვები, პოტენციურ პარტნიორებს კი მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ მიიღო, კომპანია Mastercard-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უკავშირდება.

ტურისტული მიზნების მიღწევაში საქართველოს Mastercard-ი დაეხმარება – გაგვიზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას, თუ როგორ დავაინტერესოთ ჩვენი ქვეყნით მსოფლიო და გავახანგრძლივოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობა, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შემატებს ეკონომიკას.

“ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისათვის და გადავწყვიტეთ, ტურიზმის სექტორს გამოცოცხლებაში დავხმარებოდით, – ამბობს Mastercard-ის ვიცე- პრეზიდენტი ნიკოლა ვილა. – ჩვენ ვხედავთ ტურიზმის განვითარების უდიდეს პოტენციალს ქვეყანაში და ვიცით, რომ დარგს პანდემიისგან დახსნა სჭირდება, ამიტომაც დასახმარებლად მოვედით”.       

რთულ ვითარებაში, როდესაც ტურიზმის სფერო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, მემორანდუმი სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს ჩაუყრის საფუძველს. ამისთვის კი კომპანია Mastercard-ი გამოიყენებს წლების განმავლობაში დაგროვებულ მონაცემებსა და ანალიტიკას ტურისტების ხარჯვით ტენდენციებთან დაკავშირებით და გაგვიზიარებს რეკომენდაციებს, თუ როგორ მოვიზიდოთ ქვეყანაში ხარჯვისუნარიანი ტურისტი.

          

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Mastercard-ი ტურიზმის სექტორს ახალ რეალობასთან ადაპტაციასა და განვითარებაში ეხმარება. ამის კარგი მაგალითია მიმდინარე წლის ზაფხულის კამპანია “სალამი, ზაფხულო“, რომელმაც ხელი შეუწყო შიდა ტურიზმს და დაეხმარა ადამიანებს, მონატრებული ადგილები საქართველოში ხელახლა აღმოეჩინათ. ინიციატივის წარმატება ახალი მემორანდუმის გაფორმების კიდევ ერთი მიზეზი იყო. აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში შემოსული და აქედან მიმავალი ტურისტებისთვის უნიკალურ ციფრულ შეთავაზებებს შექმნის. Mastercard-ი მზადაა, გამოიყენოს გადახდის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, მონაცემები, მარკეტინგული შეთავაზებები და პარტნიორების ქსელი: ბანკები და სავაჭრო ობიექტები, რათა საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

“კოლაბორაცია ორივე ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენს და ეს გამოცდილება სასიკეთო იქნება პირველ რიგში საქართველოსთვის, რადგან საშუალებას მისცემს ქვეყანას, ღირსეულად უმასპინძლოს მილიარდიან აუდიტორიას და თავისი სიტყვაც თქვას მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში”, – აღნიშნა ნიკოლა ვილამ.

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის დადებით შედეგს ღონისძიების ერთ- ერთი მასპინძელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილიც ადასტურებს:

“ერთობლივი ძალისხმევით ადამიანებს საშუალებას მივცემთ, გლობალურ ტურისტულ ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა, – ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი. – მიღებული გადაწყვეტილება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ ვითარებაში, რათა ტურისტულმა ინდუსტრიამ ძველი პოზიციების დაბრუნება დაიწყოს”.

2021-22 წლებისთვის Mastercard-ი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს Mastercard Tourism Insight პლატფორმის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს მოგზაურობის ინოვაციურ, 360°-იან ხედვას და გააერთიანებს ტექნოლოგიებისა და მოგზაურობის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა დაგეგმვა, ძიების გამარტივება, ფასების გადამოწმება, დაჯავშნა და სოციალური მედიის გამოყენებაც კი.

“თანამშრომლობის დაწყება კომპანიასთან, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს და ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში, მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ქვეყნისთვის”, – ამბობს ირაკლი ნადარეიშვილი.

ფოტო: ნუგზარ გვალია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *