მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია, Merck-ი იმედოვნებს, რომ კოვიდის სამკურნალო ახალი აბის, მოლნუპირავირის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი 2022 წელს 5-დან 6 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ 952 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მოლნუპირავირის გაყიდვა შეძლო.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული შემოსავლების ანგარიშების თანახმად, გაყიდვების უმეტესობა შეერთებულ შტატებზე, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიაზე მოდის. მას შემდეგ, რაც დეკემბერში შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მოლნუპირავირს ავტორიზაცია მიანიჭა, Merck-მა აშშ-ს 1.4 მილიონი კურსის სამყოფი აბები გადასცა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, რობ დევისის განმარტებით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში აშშ-ს კიდევ 3.1 მილიონი კურსისთვის საჭირო მოლნუპირავირი გადაეცემა. გარდა ამისა, Merck-ი 25-მდე ქვეყენაში დამატებით 4 მილიონ კურსის სამყოფ სამკურნალო აბს გაგზავნის. ცნობისათვის მოლნუპირავირით მკურნალობის ერთი კურსი დაახლოებით 700 აშშ დოლარამდე ჯდება. თუმცა ის არა პრევენციული სახით, არამედ უკვე დაავადებული პაციენტის სამკურნალოდ გამოიყენება გართულების თავიდან ასარიდებლად.
როგორც ჩანს, Merck-ის სამკურნალო აბზე სხვადასხვა სახელმწიფოს ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები დიდ იმედებს ამყარებენ. ეს კი მის შემოსავლებზეც აისახება. თუკი კომპანიამ 2021 წელი $2.62 მილიარდიანი ზარალით დაიწყო, მეოთხე კვარტალში მისმა მოგებამ 3.82 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.