Meta-მ $299-იანი ჭკვიანი AI-სათვალე წარადგინა

Meta-მ $299-იანი ჭკვიანი AI-სათვალე წარადგინა

ფოტო: REUTERS/Carlos Barria

 

მარკ ცუკერბერგის Meta-მ, სათვალეების მწარმოებელ ფრანგულ-იტალიურ კორპორაცია EssilorLuxottica-თან თანამშრომლობით, ახალი ჭკვიანი AI-სათვალე, Meta Glasses-ი, წარადგინა. Meta-ს „სმარტ“-სათვალეების ხაზის უახლესი მოდელის საწყისი ფასი $299-ია, რაც მას გასულ წელს გამოშვებულ $800-იან Ray-Ban Display-თან შედარებით ბევრად ხელმისაწვდომ ალტერნატივად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი Luxottica-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, Meta Glasses-ი ბაზარზე დამოუკიდებელი სახით გამოვა. ეს ნიშნავს, რომ Meta-ს ახალი AI-სათვალე პირველია თავის ხაზში, რომელიც ოპტიკური გიგანტის ისეთ პოპულარულ ბრენდებთან, როგორებიცაა Ray-Ban-ი ან Oakley, არ ასოცირდება. შედეგად, თუ წინა მოდელები კლასიკური Ray-Ban-ების სტილში იყო, Meta Glasses-ისთვის კომპანიებმა სრულიად ახალი დიზაინი შეიმუშავეს და მასზე აღარც Ray-Ban-ის ლოგოა დატანილი.

გარდა ამისა, Meta Glasses-ი ამერიკული კომპანიის პირველი AI-სათვალეა, რომელშიც Meta AI-ის სისტემაა ჩაშენებული. ეს უკანასკნელი Meta-ს სუპერინტელექტის ლაბორატორიის მიერ გამოშვებული პირველი მოდელის, Muse Spark-ის, მიერაა მხარდაჭერილი. AI-სათვალეს მინაზე, შიდა მხარეს, პატარა დისპლეიც აქვს ჩაშენებული — ტექსტის ასახვისა და ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციისთვის.

Meta-ს ახალი სათვალე ახალ ფერებში და რამდენიმე განსხვავებული ფორმითაა წარმოდგენილი, მათ შორის მართკუთხა ჩარჩოებითა და ამერიკელ მილიონერ კაილი ჯენერთან კოლაბორაციით შემუშავებული თხელი ოვალური ჩარჩოს კოლექციით.

ცნობისთვის, International Data Corporation-ის მონაცემებით, ჭკვიანი სათვალეების გლობალურმა მიწოდებამ გასულ წელს 9.6 მილიონ ერთეულს მიაღწია, საიდანაც Meta-ს წილი მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 76.1%-ს შეადგენდა.