მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვის აღსადგენად და მზარდი ინფლაციის შესაკავებლად, ქვეყანაში რუსული საწვავისა და ნავთობის იმპორტს იწყებს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ორივე სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნების მიერაა სანქცირებული – მიანმარი სამხედრო გადატრიალებისთვის, ხოლო რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო.
სახელმწიფოებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ძალაში სექტემბრიდან შევა, გარკვეულწილად, ორივე მათგანს აწყობს – ევროკავშირისგან მოსალოდნელი ეტაპობრივი ემბარგოს ფონზე, რუსეთი საკუთარი ნავთობის გასაყიდად ახალ ბაზრებს ეძებს, ხოლო მიანმარი, რომელიც საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა, ამ გარიგებაში შედარებით ხარისხიანი რუსული ნავთობის იაფად შეძენის პერსპექტივას ხედავს.
როგორც ირკვევა, რუსეთიდან ნავთობის იმპორტს მიანმარის სამხედრო ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული „რუსული ნავთობის შემსყიდველი კომიტეტი“ უზრუნველყოფს. თუმცა, როგორც ჩანს, მიანმარის ხელისუფლება ნავთობის იმპორტით არ კმაყოფილდება და ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების ლოკალიზაციისა და წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობას განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება უჩვეულო არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ მიანმარის სამხედრო ხელისუფლება რუსეთისგან სამხედრო დახმარებასაც იღებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საწვავის ფასები მიანმარში 350%-ითაა გაზრდილი – ლიტრი საწვავი ქვეყანაში, დაახლოებით $1 ღირს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ფასების ფონზე, ქვეყანაში საწვავის დეფიციტიც შეინიშნება.