ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-ს ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირება სურს.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, Microsoft-ი უახლოეს მომავალში კომპანია OpenAI-ის 35%-იანი წილის შეძენას გეგმავს, ChatGPT კი OpenAI-ს მიერ შექმნილი პროდუქტია.
გარიგების დასრულების შემდეგ, OpenAI-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 30 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ A.I. კომპანიად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ChatGPT მხოლოდ კვლევითი პროდუქტია და ის OpenAI-ს მიერ ამ ეტაპზე კომერციალიზებული არ არის, თუმცა მომავალში იგეგმება, რომ ხელოვნური ინტელექტის მომსახურების სერვისი მონეტიზებული გახდეს და კომპანიამ შემოსავლის მიღებაც შეძლოს.
ცნობისთვის, Microsoft-ი OpenAI-ს საქმიანობით ჯერ კიდევ 2017 წელს დაინტერესდა, 2019-ში კი ტექნოლოგიურმა გიგანტმა სტარტაპში $1-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. წყაროების მტკიცებით, Microsoft-ს A.I. კომპანიაში საკუთარი წილის 50%-მდე გაზრდა სურს და ChatGPT-ის საკუთარ სერვისებში, მათ შორის, Windows-სა და Bing-ში ინტეგრირება.
ამჟამად ChatGPT ნებისმიერი მომხმარებლისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტი პასუხების დასაგენერირებლად ინტერნეტში 2021 წლამდე აღბეჭდილ მონაცემებს იყენებს, თუმცა Microsoft-ი გეგმავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს საკუთარ საძიებო სისტემასთან, Bing-თან წვდომა მისცეს და ის უახლესი მონაცემებით აღჭურვოს, რათა, პირველ რიგში, ChatGPT-ის შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდოს და მეორე – Bing-მა Google-ის საძიებო სისტემასთან კონკურენციის გაწევა შეძლოს.